19-03-2024
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 01-16 მარტის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სარფი“ და „ნინოწმინდა“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 13 140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 პრიმა ნაწილის შესაბამისად, 5 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, თითოეულს, ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა.