22-03-2024
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ლევან გამყრელიძესთან ერთად, საქართველოში რეგისტრირებულ საავტომობილო სატვირთო გადამზიდავებს შეხვდა და მათ სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის წესი და მიმდინარე საკითხები გააცნო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრომ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის არსებული წესი განიხილა და მასში შესატანი ცვლილების შესახებ გადამზიდავების მოსაზრებები მოისმინა. მისი თქმით, ნებართვების გაცემის პროცედურა, პირველ რიგში, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ასახოს გადამზიდავების ინტერესები და თანხვედრაში იყოს საუკეთესო საერთაშორისო მოთხოვნებთან.
გურამ გურამიშვილის განცხადებით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მიმდინარე წლის 18 მარტიდან დაიწყო მესამე ქვეყნაში/ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვების გაცემა.
„პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ და სია განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე. ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრის მონაწილე მსხვილი გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად დაეხმარონ მცირე გადამზიდავებს უკვე მიღებული ნებართვების გამოყენებაში, რადგან მსხვილ კომპანიებს აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები და ტვირთის მოცულობები. მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, არ დაზარალდეს მსხვილი გადამზიდავების ინტერესები და შეასრულონ კომერციული ვალდებულებები, მეორე მხრივ, გამოყენებული იქნეს რიგითი გადამზიდავების მიერ მიღებული ნებართვები," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება ნებართვების გაცემის წესს, გურამ გურამიშვილის თქმით, აღნიშნული პროცედურა პროფილური ბიზნესის ჩართულობის შედეგად დაიხვეწება და მომავალი წლისთვის უკვე შესაძლებელი იქნება ერთჯერადი გადაზიდვების სანებართვო სისტემის დარეგულირება.
შეხვედრაზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის წესის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს, რომლის შემდეგაც გაიმართა დისკუსია და წინადადებათა გაზიარება. შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს სრულ მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ განხილვის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად პარტნიორ ქვეყნებთან ნებართვებს ცვლის, რომლის სახეებია: ორმხრივი გადაზიდვის ნებართვა; ტრანზიტული ნებართვა და ე.წ. მესამე ქვეყნიდან/მესამე ქვეყანაში გადაზიდვის ნებართვა. ამასთან, ნებართვის მხოლოდ მესამე სახეობა ითვალისწინებს რაოდენობრივად შეზღუდულ მოცულობას, რადგან ის წარმოადგენს პარტნიორ ქვეყანაში არსებული ტვირთის გადაზიდვის კვოტას სხვა მესამე ქვეყანაში და ეძლევა პარტნიორ ქვეყანას, ამ შემთხვევაში, საქართველო, როგორც ბონუსი, ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე და გაცვლილი ორმხრივი/ტრანზიტული ნებართვების რაოდენობის გარკვეულ პროცენტს წარმოადგენს. ამის გამო სააგენტოს მხრიდან პარტნიორ ქვეყნებთან (თურქეთი, ყაზახეთი და ა.შ.) მუდმივად იმართება კონსულტაციები მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში გადაზიდვის ნებართვების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით.