22-03-2024
“ევროსაბჭოს დღევანდელი დასკვნა მთლიანად ეხება ომში გახვეულ უკრაინას და ახლო აღმოსავლეთს, ძირითადად კი უკრაინას. საუბარია იმაზე, თუ როგორ დაუჭიროს მხარი ევროკავშირმა ომში მყოფ ქვეყნებს და იხსნას უკრაინა რუსეთის აგრესიისგან“, ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, რეფორმები, რომლის შესრულებასაც სთხოვენ საქართველოს, აუცილებლად განხორციელდება ქვეყნის სუვერენიტეტის და იდენტობის სრული დაცვით.
“ევროსაბჭოს დღევანდელი დასკვნა მთლიანად ეხება ომში გახვეულ უკრაინას და ახლო აღმოსავლეთს, ძირითადად კი უკრაინას. საუბარია იმაზე, თუ როგორ დაუჭიროს მხარი ევროკავშირმა ომში მყოფ ქვეყნებს და იხსნას უკრაინა რუსეთის აგრესიისგან.
ნიკა გვარამია წუხს იმაზე, რომ ამ დოკუმენტში საქართველოზე მცირედია ნახსენები: “ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევებში, რაც მის წინაშე დგას რუსეთის ქმედებების შედეგად და რაც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.
ამავე დოკუმენტში, ასევე, მცირე აბზაცი აქვს დათმობილი მოლდოვას, როგორც ომის საფრთხის წინაშე მდგარ ქვეყანას.
ჩვენთვის ეს დოკუმენტი შვებაა, რადგან საქართველოზე, როგორც ომში ჩართულ ქვეყანაზე, არ არის საუბარი. როგორც ჩანს, სწორედ ეს არ მოსწონს გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთ ლიდერს და სწორედ ამაზე წუხს.
რაც შეეხება, ევროკავშირისკენ სწრაფვას და ევროსაბჭოს შეფასებებს, ესეც ერთგვარი ხარკია ცეცხლში გახვეული ქვეყნის მიმართ, რომელიც იცავს ევროპის საზღვარს რუსეთთან. არც ამის გვშურს, რადგან მშვიდობა ქვეყანაში ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე “დაყოვნების გარეშე მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში გასაწევრიანებლად”.
ხოლო, რეფორმები, რომლის შესრულებასაც გვთხოვენ, აუცილებლად განხორციელდება საქართველოს სუვერენიტეტის და იდენტობის სრული დაცვით“, - წერს ჩიბურდანიძე.