23-03-2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე 1000-მდე აბიტურიენტსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
თსუ რექტორმა აბიტურიენტებს თსუ-ში სწავლა უსურვადა გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ უნივერსიტეტში სწავლისას მიეცემათ. ასევე, ისაუბრა სტუდენტურ სერვისებზე, ახალ სასწავლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმ გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში გეგმავს. „ჩვენ ყველანი იმისთვის ვმუშაობთ, რომ ჩვენს სტუდენტებს შევუქმნათ მაქსიმალურად კარგი გარემო და პირობები იმისათვის, რომ სტუდენტური ცხოვრება მრავალფეროვანი, საინტერესო და ნაყოფიერი იყოს,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ღია კარის დღე თსუ შვიდივე ფაკულტეტზეგაიმართა, სადაც აბიტურიენტებმა კონკრეტული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებზე,სასწავლო პროცესზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და უცხოეთის უნივერსიტეტებთან არსებულ გაცვლით პროგრამებზე, სწავლის დაფინანსებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე, სასწავლო რესურსებზე, სწავლასა და კვლევაზე, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე, კულტურულ და სპორტულ აქტივობებსა და სტუდენტური ცხოვრების სხვა დეტალებზე.
ღია კარის დღეზე მისულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ლაბორატორიები, პლანეტარიუმი, მუზეუმები დაის სასწავლო სივრცეები, სადაც მათ მოუწევთ მომავალში სწავლა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე 240 საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება და 25 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.