25-03-2024
„რა თქმა უნდა „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი“ „თბილისი პრაიდისა“ და ბევრი სხვა ენჯეოსთვის მიუღებელი იქნება, რადგან მათ ანგარიშებზე მილიონები სწორედ ლგბტ თემის პროპაგანდისთვის ირიცხება,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია დაარეგულიროს ლგბტ პროპაგანდის საკითხი ისე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ უწევდეს ქუჩაში ერისა და სახელმწიფოს დაცვა.
„რა თქმა უნდა, „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი“ „თბილისი პრაიდისა“ და ბევრი სხვა ენჯეოსთვის მიუღებელი იქნება, რადგან მათ ანგარიშებზე მილიონები სწორედ ლგბტ თემის პროპაგანდისთვის ირიცხება.
ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა მათთვის არის იმ არტერიის გადაჭრა, საიდანაც იკვებებიან. ეს თემა ჩვენი ერისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უწევს თავის თავზე აიღოს ხელისუფლების გასაკეთებელი საქმე და ქუჩაში დაიცვას ერი და სახელმწიფო. ეს მიუღებელია. მე არ ვთვლი, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მისაღებია.
შენ ხელისუფლება რომ ხარ და ხედავ, რომ წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც (მეტჯერ თუ არა), გარკვეული ჯგუფი ხელში იღებს ლგბტ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას და აკეთებს შენს გასაკეთებელს, უნდა იზრუნო ამ საკითხის დარეგულირებაზე“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.