28-03-2024
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს, ჟან-ფრანსუა ტონის და ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს, ფილიპო მუსკას შეხვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე.
შეხვედრის ფარგლებში, სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რეგიონული სასწავლო პლატფორმა (REACT) გააცნეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის საპილოტე სასწავლო პროგრამის განხორციელება იგეგმება. სასწავლო პროგრამა მოიცავს პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯად ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ომის დანაშაული, აგრესია, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
შეხვედრის დასასრულს მხარეები საგანმანათლებლო, სასწავლო, კვლევითი და აკადემიური აქტივობების მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.