28-03-2024
„თუკი, გაერომ საქართველოს უწოდა გეოპოლიტიკის კარიბჭე (ანუ მსოფლიო პოლიტიკის ჭიპი უწოდეს ფაქტობრივად საქართველოს), ე.ი მსოფლიოს გიგანტი სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება საქართველოში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება.
„მე, ჩვენს ლიდერებს, ექსპერტებს და ჩვენს წევრებს გვეძახდნენ რუსეთუმეებს, რუსეთის აგენტებს. იცით რა ხდებოდა ერთი წლის წინ? როგორი ბულინგის ქვეშ ვიყავით? ჩვენ ეს გადავიტანეთ, გავუძელით და ქართულ საზოგადოებას, საფრანგეთმა, სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა, ევროპარლამენტმა, EPP-მ და ა.შ. დაუსაბუთეს რომ „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა საპარლამენტო უმრავლესობა, ყოფილა სწორი პოლიტიკური, დემოკრატიული და ევროპული ნაბიჯი (იმედია, დღეს საფრანგეთ რუსეთუმეს არ დაუძახებენ).
საფრანგეთმა მიიღო ეს კანონი. თუ ვინმე ჩაიხედავს, ნახავს, რომ ეს არის ბევრად მკაცრი კანონი, ვიდრე ჩვენ მიერ წარდგენილი შერბილებული ვარიანტი.
წარმოიდგინეთ, საფრანგეთში სერიოზული მოთხოვნებია და ასე იქცევა ყველა დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო. ყველა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მსგავსი საკანონმდებლო ნორმა, კანონი, რათა ყველა მოქალაქემ და პირველ რიგში, სახელმწიფომ იცოდეს, ქვეყანაში ვისი ფული რაში იხარჯება. დღეს მსოფლიო დიდი დილემის წინაშე დგას, რადგან ვიცით, რომ გეოპოლიტიკაში რევოლუციური ძვრებია და მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკის გადალაგება ხდება, უზარმაზარი თანხები იხარჯება ლობიზმში სხვადასხვა ქვეყნიდან.
თუკი გაერომ საქართველოს უწოდა გეოპოლიტიკის კარიბჭე (ანუ მსოფლიო პოლიტიკის ჭიპი უწოდეს ფაქტობრივად საქართველოს), ე.ი მსოფლიოს გიგანტი სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება საქართველოში. თუკი საფრანგეთს სურს დაცვა, ჩვენ მითუმეტეს, ასჯერ მეტად გვჭირდება დაცვა, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.