3-04-2024
„თქვენთვის ევროპა მხოლოდ ლიბერალიზმია, ჩვენთვის კი - სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ღირებულებები, მათ შორის, სიმართლე და გამჭვირვალობა,” - ასე მიმართავს ოპოზიციას „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ირწმუნება, რომ პანიკაში მყოფი ოპოზიცია აგონიაშია და კვლავ ცდილობს მასობრივი არეულობისთვის ახალგაზრდების გამოყენებას.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, მცდელობა რადიკალებს არ გამოუვათ და სწორედ ეს ახალგაზრდები იქნებიან, ვინც მათ ოქტომბრის არჩევნებზე მოსთხოვს პასუხს.
“ოპოზიცია პანიკაშია, წელს აღარ გაჭრის მათი მაშველი სიტყვა “რუსული” და რაღა ქნან, არ იციან. თუკი შარშან ამ სიტყვით ხალხი მოატყუეს, წელს ვეღარ შეძლებენ, რადგან თავად ევროკავშირი იღებს ამ კანონს.
მართალია, განწირული ხმით გაჰკივიან და მოუწოდებენ სტუდენტობას, კვლავ ცეცხლი წაუკიდონ პოლიციელებს, მაგრამ ის სტუდენტობა მოსთხოვს სწორედ მათ პასუხს ოქტომბრის არჩევნებში. ამ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ, რადგან აუცილებელია ვიცოდეთ, რაში იხარჯება უცხოური ფული ჩვენს ქვეყანაში.
სასოწარკვეთილ ოპოზიციას კი მივმართავ - ცუდ დღეში ხართ, გამოუვალია თქვენი მდგომარეობა, რადგან თავად ევროკავშირი იღებს ამ კანონს. წარმოიდგინეთ, რას გიშვებათ თავად ევროპა? თქვენთვის ევროპა მხოლოდ ლიბერალიზმია, ჩვენთვის კი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ღირებულებები, მათ შორის - სიმართლე და გამჭვირვალობა”, - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.