3-04-2024
„ტურიზმის სექტორი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება, მათ შორის, რეგიონსა თუ მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა. 2023 წელს ქვეყანაში განხორციელდა 7.1 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი, რაც 2019 წლის მონაცემების 75.6% -იანი აღდგენაა", - პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტარებს ტურიზმის სექტორში არსებული სურათი და ზრდა-განვითარების დინამიკა დეტალურად გააცნო.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას აღნიშნა, სწორი, თანმიმდევრული და დივერსიფიკაციის პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს ინდუსტრიიდან მიღებულმა შემოსავლებმა, 4.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც საქართველომ არა მხოლოდ აღადგინა, არამედ 26.2%-ით გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ შედეგს. მისი თქმით, სახეზეა ასევე ტურისტული ვიზიტების წილის მდგრადი ზრდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაში, რაც 4.7 მილიონ ვიზიტს შეადგენს და 2019 წლის მონაცემების 91.9%-ან აღდგენას უტოლდება.
„აღსანიშნავია, რომ გრძელდება ინვესტიციების ზრდა ტურიზმის სექტორში. 2022-2023 წლებში, 125-მდე ახალი განთავსების ობიექტი აშენდა, საინვესტიციო მოცულობა - 220 მლნ ლარი. შედეგად, ქვეყანას დაემატა 8,000-მდე საწოლი ადგილი, შეიქმნა 2,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ეს დადებითი დინამიკა გრძელდება და 2024-2027 წლებში დაგეგმილი პროექტებით, 1 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება განთავსების ობიექტების შექმნაში. შედეგად, ქვეყანას დაემატება 320-მდე ახალი განთავსების ობიექტი, 37,100-მდე საწოლი ადგილით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება 9,300-მდე ახალი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, საქართველო წელს კიდევ ერთხელ მოხვდება საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში - პირველად ისტორიაში უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღეს, რომლის ფარგლებში, ჩვენს ქვეყანას ეწვევიან ტურიზმის და ავიაციის სექტორის წამყვანი ლიდერები. საქართველო ასევე უმასპინძლებს საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს - m&i 2024 და ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ევროპიდან. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქმიანი ტურიზმის კუთხით ქვეყნის რეიტინგის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე.
„დარწმუნებული ვარ, ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებში დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების, ასევე ინდოეთში პირდაპირი ფრენების დაწყების და ჩინეთში უვიზო რეჟიმისა და ფრენების სიხშირეების გაზრდის გათვალისწინებით (რაც მეტად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის), ეფექტიანი ინიციატივებითა და სწორი სამოქმედო გეგმით, მივაღწევთ ტურიზმის სფეროს განვითარების ახალ რეკორდულ ნიშნულებს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება სექტორის 2024 წლის პროგნოზს - პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.5 მილიარდ აშშ დოლარამდე, რაც 2023 წელთან შედარებით 9%-იანი, ხოლო, 2019 წელთან შედარებით 37.5%-იანი ზრდა იქნება. ამასთან, საქართველოში 7.9 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდება, რაც 2023 წელთან შედარებით 11.2%-იან ზრდას და 2019 წლის მონაცემების 84.1%-იან აღდგენას შეადგენს. გარდა ამისა, პროგნოზის თანახმად, საქართველო 5.2 მილიონ ტურისტულ ვიზიტს უმასპინძლებს, რაც თავის მხრივ 2023 წელთან შედარებით 12.1%-იან და 2019 წელთან შედარებით 3%-იან ზრდას წარმოადგენს.