გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის საკითხები თელავში გამართულ ფორუმზე განიხილეს

10-04-2024

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.


ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ.


„კლიმატური ცვლილებების ფონზე, წყლის რესურსების მართვას და ამ მიმართულებით რეფორმის გატარებას ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი გასულ წელს იქნა მიღებული და 2026 წლიდან შევა ძალაში. შესაბამისად, სახელმწიფოს ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები აქვს განსახორციელებელი. ეს არის ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების დონეზე ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაზე უკეთ იცის, რა პრობლემებია რეგიონში. მუნიციპალიტეტების როლი არის ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


ინფორმაციის თანახმად, ფორუმი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და არასამთავრობო ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ ერთობლივი პროექტის „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მოთხოვნების განხორციელების და ინფორმირებულობის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი 2023 წელს დაამტკიცა. კანონი წყლის რესურსების სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ახალი კანონის დეტალურად გაცნობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930