11-04-2024
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო პროექტის ფარგლბში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ექსპერტ პეტრა ენგელსთან ერთად, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ექსპედიცია გამართეს.
უწყების ინფორმაციით, ექსპედიციის ფარგლებში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან შეგროვდა ლობიოსა და სიმინდის 36 ნიმუში, რომლებიც შრობის პროცესს თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში გაივლის და შესანახად მომზადდება.
FAO-ს პროექტის „მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის ფორმებს შორის in-situ, ex-situ,on-farm კავშირის გაძლიერება“ მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და, გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, ექსპედიციების მოწყობაა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხორბლის, სიმინდის და ლობიოს კულტურებისთვის მინდვრის ცდების მოწყობას, რომლის შედეგებიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების გენბანკის ადგილობრივ მონაცემთა ბაზაში და ევროპულ კატალოგში (EURISCO) აიტვირთება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ნიმუშების შეგროვება 4 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება.