11-04-2024
„ცივილური სამყაროს სახელით მიგვითითებენ როგორ მოვიქცეთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიამიტები, რომ ვერ დავინახოთ შანტაჟი. ეს შანტაჟი ხორციელდება იმ ადამიანების საშუალებით, რომლებიც ხელისუფლებას უპირისპირდებიან,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ზეწოლის და შანტაჟის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული და მომზადებული უნდა იყოს.
როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, ასეთი ზეწოლა ხელისუფლებაზე პირველად არ ხორციელდება და ანალოგიური იყო რამდენიმე თვის წინ, კანდიდატის სტატუსის მიღებისას, თუმცა მაშინ ხელისუფლებამ ხალხის გვერდზე დგომით, ამ ზეწოლას გაუძლო და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა სიტყვა იყოს გაშიფრული და სრულყოფილად მიტანილი მოსახლეობამდე, რათა საზოგადოება კანონის [გამჭვირვალობის] შესახებ იყოს ინფორმირებული. მაგრამ, ვხედავთ, რომ ესაა ბრძოლა სუვერენიტეტისათვის, ბრძოლა, რომელიც ახლა არ დაწყებულა. არის მიდგომა - ან დასავლეთი, ან რუსეთი, ან იქეთ ხარ და ან აქეთ. ცივილური სამყაროს სახელით მიგვითითებენ როგორ მოვიქცეთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიამიტები, რომ ვერ დავინახოთ შანტაჟი.
ეს შანტაჟი ხორციელდება იმ ადამიანების საშუალებით, რომლებიც ხელისუფლებას უპირისპირდებიან და ცდილობენ საზოგადოებაზე ზემოქმედებას, თითქოს, თუ არ იქნება მიღებული კანონი, შეფერხდება ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია. კანონზე კი არ გველაპარაკებიან, შანტაჟის ენით ცდილობენ ზეწოლას, იქნებ როგორმე მოახერხონ ამ ხელისუფლების რყევა. ამიტომ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მზად უნდა ვიყოთ ისეთი თემებისთვის, როგორიცაა მაგალითად ეს კანონი. რა გვსურს ჩვენ - თუ გვსურს ჩვენ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, უნდა ვიცოდეთ, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ პარლამენტს აქვს უფლება მის მიერ ინიცირებული კანონი პარლამენტში განიხილოს. რეალურად კი ვხედავთ, რამხელა ძალისხმევას მიმართავენ, რომ განახორციელონ ზეწოლა პარლამენტზე.
ასე იყო კანდიდატის სტატუსის განხილვის დროს - მაშინაც ხდებოდა ზეწოლა, მაგრამ ხელისუფლებას საზოგადოების მხარდაჭერით, ვერაფერი მოუხერხეს. ახლაც იგივე სიტუაცია იქმნება - ჩემს ქვეყანას, მის უსაფრთხოებას სჭირდება პირველ რიგში ეს კანონიო და თუ წამოვლენ მსჯელობაში, ძალიან კარგი, ხოლო თუ დარჩებიან თავიანთ აზრზე, ეს მათი უფლებაა. მე, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უნდა დავიცვა და რაზე გადის ეს უსაფრთხოება, იმაზე, რომ კანონი გვჭირდება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რათა ვიცოდეთ, რომ თანხა, რომელიც შემოდის საქართველოში, იყოს ღია და გამჭვირვალე. ჩვენ საქმიანობას არავის ვუზღუდავთ," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.