17-04-2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან ია თიკანაძესთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ისტორიასთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტების მომზადებას, პროექტის „ახალგაზრდული მოძრაობები საქართველოში: 1920-იანი წლები“ ფარგლებში წიგნი-ალბომის გამოცემას.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და ორგანიზებით არაერთი საინტერესო ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა. „მომზადდა საინტერესო გამოცემები, მათ შორის, სამეცნიერო მიმართულებით. ფრიდრიხ ებერტის ფონდი იყო ერთ-ერთი პირველი ფონდი საქართველოში, რომელმაც ამ მიმართულებით დაიწყო საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ მათთან კიდევ უფრო ვაღრმავებთ თანამშრომლობას,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება; ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება სტუდენტებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და XX საუკუნის დასაწყისის პერიოდში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების შესწავლისკენ.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის ია თიკანაძის ინფორმაციით, ფონდსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2018 წელს დაიწყო თანამშრომლობა. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ერთობლივად მომზადდა გამოცემებიდა თარგმანები. „თანდათან ვავსებთ ბიბლიოთეკას. გვახარებს ის ფაქტი, რომ თსუ ბიბლიოთეკაში გერმანელი ავტორის ბევრინამუშევარია, რომელიც ხაზს უსვამს - თუ რა როლი ითამაშა ამ ქვეყანამ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. დიდი სიამოვნებით განვაგრძობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას და იმედია, უფრო მასშტაბური იქნება ბიბლიოთეკის მხარდაჭერა“,- განაცხადა ია თიკანაძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერების სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების გერმანულ არქივებში მოძიება და გამოქვეყნება.