25-04-2024
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების ნაწილი შეაფასა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, უკვე მეოთხე შეხვედრა ჩატარდება, წინა შეხვედრებზე კი დამსწრეთა მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა გამოიხატა.
„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ოჯახური ღირებულებების დაცვას ემსახურება, დღეს მეოთხე შეხვედრა გაიმართება. უნდა ვთქვა, რომ პირველ სამ შეხვედრაზე ხალხმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატა. ყველა კარგად ხვდება და ყველა გრძნობს, რომ ეს აუცილებელი ცვლილებებია იმისათვის, რომ დავიცვათ ის ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც ჩვენი რელიგიიდან, სარწმუნოებიდან, წინაპრებიდან მოგვდევს. დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმშიც ზუსტად იგივე განწყობა დაგვხვდება“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ბათუმში გაიმართება.