გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა“ დაარსებიდან 15 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

25-04-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ-ისა და შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა“ დაარსებიდან 15 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

 

თსუ–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისოდ აკრედიტებული, ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე 2009 წლიდან ფუნქციონირებს.

 

ღონისძიებაზე სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა“ კურსდამთავრებულებს პროგრამის ქართველმა და გერმანელმა ავტორებმა და ხელმძღვანელებმა დიპლომები გადასცეს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა  გერმანელ და ქართველ კოლეგებს, შპაიერის უნივერსიტეტის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს პროექტში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. „სწორედ მათი თანადგომით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელმაც უკვე 15 წელია წარმატებით იმუშავა, და იმედია, კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი უნივერსიტეტების სავიზიტო ბარათი.  ეს პროგრამა საშუალებას იძლევა იმ ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი მოხდეს, რაც გერმანიაშია საჯარო მმართველობის კუთხით, რათა ჩვენმა სტუდენტებმა მიიღონ ევროპული განათლება“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, პროგრამას 200-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში. „ეს არის ის ახალი თაობა, რომელიც თანდათან ქართული სახელმწიფოს მართვის სადავეებს გადაიბარებს“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

ღონისძიებას შპაიერის უნივერსიტეტის რექტორი ჰოლგერ მიულენკამპი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები, სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა“ ქართველი და გერმანელი ავტორები და ხელმძღვანელები პროფესორი გიორგი ხუბუა, პროფესორი კარლ-პიტერ ზომერმანი, პროფესორი ანდრეას კნორი, პროგრამის მონაწილე ქართველი და გერმანელი წარმომადგენლები და ლექტორები, კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

 

„მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აღვნიშნავ  ჩვენი უნივერსიტეტების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის 15 წლის იუბილეს. საჯარო მმართველობა თანდათან საერთაშორისო დარგი ხდება და ეს პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება. ეს არის მაგალითი ინსტიტუციების თანამშრომლობის. გარდა პროგრამის ფარგლებში პარტნიორული ურთიერთობისა, ჩვენს თანამშრომლობას ბევრი სასარგებლო აქტივობა მოჰყვა სამეცნიერო მიმართულებით, გავაძლიერეთ კონტაქტები კოლეგებთან. ჩვენ მზად ვართ, პროგრამა წარმატებით გაგრძელდეს მომავალშიც“,- აღნიშნა შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა ჰოლგერ მიულენკამპმა.

 

პროგრამას, რომელიც საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში, პირველი აკრედიტაცია მიენიჭა 2015 წელს. პროგრამის საერთაშორისო რე-აკრედიტაცია განხორციელდა 2021 წელს და ამ შემთხვევაშიც, მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე 7 წლის ვადით.

 

პროგრამის განხორციელებაში თანაბრადაა ჩართული როგორც თსუ-ს, ისე შპაიერის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა თსუ-ს დიპლომი, შპაიერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე მითითებით.

 

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გადიან ორთვიან სასწავლო პრაქტიკას ევროპის ქვეყნების სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე,  მონაწილეობას იღებენ ორკვირიან საზაფხულო სკოლაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ეწვევიან გერმანიის სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციას, სტრასბურგის ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს და სხვა სტრუქტურას.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930