26-04-2024
„როგორი სამარისებური დუმილით შეხვდნენ პუტინს, ეს სასარგებლო იდიოტები, აფხაზეთის მორიგ ჩაბარებაზე კრემლისთვის, უკვე ბრიუსელის მხრიდან“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, კარგი იქნებოდა თუკი შეიქმნებოდა „ჟიული შარტავას სია,“ სადაც შეყვანილი იქნებოდა "უაფხაზეთო საქართველოს ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი მოღალატე."
"თან იძახიან, ბიძინა ივანიშვილი „ქართველი ხალხის მოთხოვნით" უნდა დაისაჯოს, თან 29-ში ამ ხალხის დანახვა არ უნდათ, რადგანაც მათივე კვლევებით ჩვენ "არ ვარსებობთ". ბოლშევიზმის რეპრესიები, გაკულაკება, მღვდლების დახვრეტა ყოველთვის „გულანთებული მუშათა კლასისა და გლეხობის, საბჭოთა ინტელიგენციის" მოთხოვნით ხორციელდებოდა.
ოღონდ, მერე ნელ-ნელა ამ მოთხოვნების ავტორების დასახვრეტი და გასაგულაგებელი ჟამიც დგებოდა. როგორი სამარისებული დუმილით შეხვდნენ პუტინს, ეს სასარგებლო იდიოტები, აფხაზეთის მორიგ ჩაბარებაზე კრემლისთვის, უკვე ბრიუსელის მხრიდან. ეს ჩვენ და არა ეს უსამშობლო მოღალატეები „ვამშვენებთ" მათ „მონა.ჯი"-ს სამარცხვინო საიტს. ეს ჩვენი 83 პატრიოტი და არა მათი 425 ევროპარლამენტარი ყოფილა თურმე საქართველოს მტერი. ამ ლაქია-მარიონეტებს უყვართ ხმამაღალი პერფორმანსები „მაგნიტსკის სიების" მსგავსი... ...არ იქნებოდა ურიგო „ჟიული შარტავას სია" შეგვედგინა და შეგვეყვანა მანდ უაფხაზეთო საქართველოს მომხრე, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი მოღალატე. ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების" არარსებული საფრთხეებით ფეიკ-განგაშებს რომ ტეხენ, სწორედ მათ უნდა დაუწესდეს განგაში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას. ანალოგიური იმისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნამყოფი რუსეთის მოქალაქე დღეს რომ ვეღარ შემოდის ქვეყანაში“, - წერს დავით ქართველიშვილი.