29-04-2024
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იმ ძირითადი გზავნილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს კურსთან, ჩვენს პოლიტიკურ ხედვასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში საერთო-სახალხო შეკრების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღე ძალიან ემოციური იყო, ვინაიდან ამდენ გულანთებულ ადამიანსა და მხარდამჭერთან შეხვედრა ყოველთვის ამაღელვებელია.
„მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი შეკრების ფორმატი სიღრმისეული საუბრის საშუალებას არ იძლევა, ვფიქრობ, საკმაოდ სიღრმისეულად გავაცანით ჩვენი გზავნილები ქართულ საზოგადოებას. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ყველა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური ამოცანის შესრულების თუ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა არის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. როდესაც გვეუბნებიან, რომ რაღაცის სანაცვლოდ უნდა დათმო დამოუკიდებლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთგვარი თვითმიზანია, არ მიაღწიო იმ საშინაო და საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს, რომლებიც დასახული გაქვს", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებას ძალიან მკაფიო პრიორიტეტები აქვს.
„იცით ჩვენი საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტები. საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და იმ ღირებულებებით, რომლებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის, ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც ვფიქრობ, სათანადოდ მივიტანეთ ქართულ საზოგადოებამდე. იყო ძალიან სერიოზული ემოციური ორმხრივი კავშირი, ეს ძალიან თვალსაჩინო იყო და ეს ემოციებიც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.