გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო

29-09-2018

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.


სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.


როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ადგილზე ასფალტის სპეციალური საფარი იგება, რის გამოც, ბარათაშვილის აღმართზე ორი დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილი იქნება.


„სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამჟამად, საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტილია, რომელიც 30 სექტემბერს აღდგება. იმის გამო, რომ სპეციალურ ასფალტს ვაგებთ, რომელიც მოდიფიცირებულია, უწყვეტ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. შესაბამისად, კომპანიამ მოითხოვა, რომ ორი დღის განმავლობაში, ქუჩა დროებით ჩაკეტილიყო. ბოლო ეტაპი კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება - ტროტუარი, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათებები მოეწყობა. აღნიშნული გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ახლა კი, ქალაქში ერთ-ერთი ლამაზი, განახლებული ქუჩა გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.


მიმდინარე სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება.


აღნიშნულ პერიოდში, სარეაბილიტაციო არეალში, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება დასრულდება და სავალი ნაწილი 30 სექტემბრისთვის გაიხსნება. დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე იწარმოებს, რაც ავტომანქანების გადაადგილებას ხელს არ შეუშლის.


საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის გარდა, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები:


N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ისნამდე“ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, იმოძრავებს ნავთლუღის, გულუასა და გორგასლის ქუჩების გავლით.


ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი სხვა ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა, ხოლო მიკროავტობუსები - ბარათაშვილის ქუჩიდან ჯერ გორგასლის ქუჩაზე ჩაუხვევენ, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.


ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031