3-05-2024
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოს ბანკის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
პანელის მონაწილეებმა ფინანსურ ინკლუზიურობაზე, მის მომავალსა და ამ პროცესებში ტექნოლოგიების გავლენაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ფინანსური ხელმისაწვდომობის გაძლიერებაში ფინტექის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და ხელოვნური ინტელექტის როლი.
თავის გამოსვლაში, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვთ მარეგულირებლებს ფინტექსა და ტრადიციულ ბანკებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
"ფინტექსა და ტრადიციულ ბანკებს შორის თანამშრომლობის წახალისება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამუშაოა მარეგულირებლებისთვის. როდესაც ეს ორი ჯგუფი ერთად მუშაობს, უფრო მეტი ადამიანი და ბიზნესი სარგებლობს ციფრული ბანკინგით, რაც ფინანსებს ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მან ასევე ისაუბრა მარეგულირებელ ჩარჩოზე, ლიცენზირებაზე, ლაბორატორიებისა და საპილოტე პროგრამების იდეაზე. მისი თქმით, ფინტექ სტარტაპებისთვის ლიცენზირების გამარტივება ნიშნავს, რომ მეტ მათგანს შეუძლია ბაზარზე შესვლა.
"როდესაც პროცესი ნათელი და პირდაპირია, ის ხელს უწყობს ინოვაციას და კონკურენციას, რაც ყველასთვის კარგია. ბოლო წლებში სებ-მა ლიცენზირების სხვადასხვა რეჟიმი დანერგა, როგორიცაა ციფრული ბანკინგის, VASP-ისა და პლატფორმის ლიცენზია. ამ ინიციატივებმა სხვადასხვა ზომის და ბიზნეს მოდელის ფინტექ კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, თავიანთი ინოვაციური იდეები რეალობად ექციათ", - განაცხადა ნათია თურნავამ.