7-05-2024
„არეულობის და რევოლუციის დროს ახალგაზრდობაა ის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებენ პოლიტიკოსები, რადგან ძალაუფლებას სტუდენტები კი არ იგდებენ ხელში, არამედ მათ მხრებზე ყოველთვის გაიძვერა პოლიტიკოსები მოდიან ძალაუფლებაში“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ახალგაზრდები არიან ყველა რევოლუციის ავანგარდი და მთავარი მამოძრავებელი ძალა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ მიერ განხორციელებული ყველა რევოლუცია პროგრესის მომტანია.
უფლებადამცველის თქმით, ახალგაზრდობის ენერგია და გამოუცდელობა, მათი მაქსიმალიზმი და თვითდამკვიდრებისკენ სწრაფვა ყოველთვის არ არის ჭეშმარიტების და სიმართლის გამომხატველი, მაგრამ მათი ეს თვისებები ყოველთვის გამოყენებულია ცხვრის ტყავში გახვეული მგელი პოლიტიკოსების მიერ.
მისივე თქმით, თუ ამას დღესვე არ გაითვალისწინებენ ნაც-პროპაგანდის მიერ დამკვიდრებულ ტრენდს აყოლილი აქტიური ქართველი ახალგაზრდები, ხვალ შეიძლება გვიან იყოს, რადგან მათი ერთი ნაწილი მხოლოდ მერე მიხვდება, ვის და რა ძალას გამოაყენებინეს თავი.
„რევოლუცია და ახალგაზრდები ბისმარკი ამბობდა: „რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახორციელებენ ფანატიკოსები, ხოლო მისი შედეგებით სარგებლობენ ნაძირალები“. შეიძლება ეს შეფასება ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ ის კი უდავო ფაქტია, რომ რევოლუციად წოდებულ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას ჭკუა-გონება სჭირდება, ხოლო მის განსახორციელებლად მობილიზებულ მასებს - ფანატიზმამდე მისული რწმენა. რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების შედეგებით მოსარგებლე ნაძირალებს, მათი რაოდენობა ყოველთვის ჭარბია და როგორც წესი, ასეთები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხოლმე იმის დასამტკიცებლად, რომ სწორედ მათ შეასრულეს დიდი როლი რევოლუციაში და ამიტომ სწორედ მათ ეკუთვნით ყველაზე მსუყე ნაჭერი მოპოვებული გამარჯვებიდან.
დღეს ბევრი ცდილობს ისე დახატოს საქართველოში შექმნილი მდგომარეობა, რომ თითქოს დაპირისპირება ხდება მხოლოდ „სუფთა ხელებით“ შეუიარაღებელ „გულანთებულ“, „პროევროპულ“, „დემოკრატიულ“ ახალგაზრდებსა და პრორუსულ, „ანტიდემოკრატიულ“, „რეგრესულ“ უფროს თაობას შორის. ასეთი შეფასების მთავარი საფუძველი კი მხოლოდ ის ლამაზი ლოზუნგებია (არა რუსულ კანონს! არა რუსეთს! კი ევროპას! და ა. შ.), რომელსაც დღე და ღამე იმეორებენ ეს ახალგაზრდები და ნაც-ტელევიზიები, რითაც ცდილობენ ისეთი სურათის შექმნას, რომ ერთ მხარეს რუსეთია, ხოლო მეორე მხარეს - დასავლეთი. ეს მხოლოდ ლოზუნგებით მანიპულაციების შედეგია, თორემ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ლოზუნგებით ნაცები და მათი ანასხლეტები ახალგაზრდობის სახელით ებრძვიან, სწორედ პროდასავლურია და ეს თავისი 12-წლიანი მოღვაწეობით დაადასტურა.
ამაში მარტო ის კი არ იგულისხმება, რომ სწორედ ოცნების ხელისუფლების ძალისხმევით მივიდა ქვეყანა მეთოდურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსამდე, არამედ ის შიდა პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებდა ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების დაცვასთან, პატიმრებთან, კერძო საკუთრებასთან, სამართლიანობასთან, მედიასთან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან და სხვა ევროპულ ღირებულებებთან მიმართებაში (მით უმეტეს, ნაცების მმართველობასთან შედარებით). რაც შეეხება ახალგაზრდებს, ისინი არიან ყველა რევოლუციის ავანგარდი და მთავარი მამოძრავებელი ძალა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ მიერ განხორციელებული ყველა რევოლუცია პროგრესის მომტანია.
გავიხსენოთ, რომ თავის დროზე ძირითადად სწორედ ახალგაზრდებმა მოახდინეს ის რევოლუციები, რომლებმაც ხელისუფლებაში მოიყვანეს ლენინი რუსეთში, ფიდელ კასტრო კუბაში, აიათოლა ჰომეინი ირანში, პოლ პოტი კამბოჯაში და მრავალი სხვა საზიზღარი რეჟიმი. არეულობის და რევოლუციის დროს ახალგაზრდობაა ის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებენ პოლიტიკოსები, რადგან ძალაუფლებას სტუდენტები კი არ იგდებენ ხელში, არამედ მათ მხრებზე ყოველთვის გაიძვერა პოლიტიკოსები მოდიან ძალაუფლებაში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ახალგაზრდების ტიპიური დამახასიათებელი ნიშნებია:
- მოზღვავებული ენერგია
- ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილება
- ნაკლები პასუხისმგებლობა ცხოვრებაში (როგორც წესი, მარტო თავის თავზე აგებენ პასუხს)
- რწმენა თავის ცოდნაში და შეხედულებებში (ესეც გამოცდილების ამბავია, რომ ჯერ ნაკლებად მოუწიათ თავიანთი შეხედულებების რადიკალური გადახედვა)
ეს ყველაფერი ახალგაზრდებს აქცევს მოხერხებულ და ძლიერ იარაღად პოლიტიკოსების ხელში. ამიტომ ახალგაზრდობის ენერგია და გამოუცდელობა, მათი მაქსიმალიზმი და თვითდამკვიდრებისკენ სწრაფვა ყოველთვის არ არის ჭეშმარიტების და სიმართლის გამომხატველი, მაგრამ მათი ეს თვისებები ყოველთვის გამოყენებულია ცხვრის ტყავში გახვეული მგელი პოლიტიკოსების მიერ. თუ ამას დღესვე არ გაითვალისწინებენ ნაც-პროპაგანდის მიერ დამკვიდრებულ ტრენდს აყოლილი აქტიური ქართველი ახალგაზრდები, ხვალ შეიძლება გვიან იყოს, რადგან მათი ერთი ნაწილი მხოლოდ მერე მიხვდება, ვის და რა ძალას გამოაყენებინეს თავი.
თუმცა, ასეთი ახალგაზრდების მეორე ნაწილი მიღწეული წარმატების შემდეგ ძალიან მარტივად იქცევა პავლიკ მოროზოვებად და მაუზერიან ბოლშევიკებად, რომლებიც „რწმენის და ღირებულებების“ სახელით არაფერზე უკან აღარ დაიხევენ. შორს რომ არ წავიდეთ, სულ ოციოდე წლის წინათ გათამაშდა საქართველოში ეს ისტორია, როდესაც „ადამიანის უფლებებისა“ და „დასავლური ღირებულებების“ სახელით „ვარდების რევოლუციის“ მომწყობი „კმარას“ და სხვა ენჯეოების წარმომადგენლები როგორ მალე გადაიქცნენ 9-წლიანი სასტიკი რეჟიმის შემოქმედებად და ჭანჭიკებად“, - წერს ნანა კაკაბაძე.