გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: არავის აქვს უფლება გვითხრას, თავი შევიკავოთ ადამიანის სქესით გამოყოფისგან და ნეიტრალურ ტერმინებზე მიგვითითოს

12-05-2024

„არავის აქვს უფლება ჩვენ ცენზურა დაგვიწესოს და გვითხრას, რომ ისე კი არ უნდა შევიდეთ ურთიერთობაში სხვასთან როგორც ათასწლეულები ადამიანები ერთმანეთს მიმართავდნენ ან აღიქვამდნენ, არამედ თავი შევიკავოთ ადამიანის სქესით გამოყოფისგან და ნეიტრალური ტერმინები გამოვიყენოთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბორჯომში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. 


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დემოკრატიული ქვეყნის მოწყობა გულისხმობს, რომ ძალაუფლება მოდის ხალხისგან. „მოქალაქე ძალაუფლების ის წყაროა, რომელიც რაღაც პერიოდით ამ ძალაუფლებას გადასცემს ცალკეულ კონსტიტუციურ ორგანოს მის განსახორციელებლად. ეს ხდება ე.წ. არაპირდაპირი დემოკრატიის კონცეფციის საფუძველზე, როდესაც მოქალაქეები პარლამენტში ირჩევენ თავის წარმომადგენლებს, აძლევენ მათ მანდატს, რომ ოთხი წლის განმავლობაში მათი სახელით მიიღონ კანონები და სხვა გადაწყვეტილებები. თუმცა, არის საკითხები, რომლის შესახებაც კონსტიტუცია ამბობს, რომ საკმარისი არ არის ის მანდატი, რომელიც მიიღე არჩევნებზე და საჭიროა, რომ შენ ამ საკითხთან დაკავშირებით მიხვიდე ისევ მოქალაქეებთან და ჰკითხო მათ ხელახლა აზრი და მიიღო მისგან დასტური იმისთვის, რომ რაღაც საკანონმდებლო ცვლილება განახორციელო. ეს ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც არის პრინციპული საზოგადოებრივი თანაცხოვრებისთვის და ის რაც არის პრინციპული საზოგადოებრივი თანაცხოვრებისთვის და სახელმწიფოს მოწყობისთვის ყველა ეს საკითხი ასახულია კონსტიტუციაში და თუკი პარლამენტი გადაწყვეტს, რომ შეეხოს საფუძველთა საფუძველს, სახელმწიფო მოწყობისა და საზოგადოების თანაცხოვრების მთავარ პრინციპებს, ეს მანდატი საკმარისი არ არის. ის უნდა დაბრუნდეს ისევ ხალხთან და ჰკითხოს ხელახლა - ახლა ვაპირებთ ასეთი ფუნდამენტური საკითხის გადაწყვეტას და მაინტერესებს, გაქვთ ამის მიმართ მხარდაჭერა თუ არა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს. 


შალვა პაპუაშვილის განმარტებით, კონსტიტუციური კანონის პროექტი არეგულირებს ხუთ საკითხს.


„პირველი საკითხი არის ქორწინების მსგავსი ნებისმიერი სამართლებრივი ფორმა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის; მეორე - შვილად აყვანა მხოლოდ ისეთ წყვილებში, სადაც ქალი და კაცია; მესამე - აკრძალულია ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით; მეოთხე - ყველა დოკუმენტში მხოლოდ ქალი ან მამაკაცი არის მითითებული სქესის სახით და არანაირი სხვა მითითება და მეხუთე - არავის, არც სახელმწიფოს და არც კერძო დაწესებულებას არა აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეს მიუთითოს თუ როგორ უნდა მიმართოს მან სხვებს და აუკრძალოს რომ გამოიყენოს ტერმინები, სადაც სქესი წარმოჩენილია", -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 


საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 17 მაისს დაასრულებს მუშაობას და საქართველოს ქალაქებში გამართული შეხვედრების შედეგებს პარლამენტს წარუდგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2024    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930