22-05-2024
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, პირველი შეხვედრა აშშ-ში საქართველოს ელჩთან, დავით ზალკალიანთან გამართა. მხარეებმა იმ შეხვედრების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას, ვიზიტის ფარგლებში აქვს დაგეგმილი.
„კობა კობალაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრების მიზანი, საქართველოში, ვეტერანებისთვის, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დანერგვა და განხორციელებაა. ამ კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების ფსიქო-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე სახელმწიფო ინსტიტუციებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გამართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.