30-05-2024
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ამპუტანტ ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის გათამაშება - EURO 2024-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 1-9 ივნისს, საფრანგეთში, ქ. ევიენში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები „B“ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც, ქართველ ფეხბურთელებს, ინგლისის, იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ ორთაბრძოლა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დღეს, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, გია გვალია, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი, არჩილ ჩხაბერიძე და ფეხბურთელები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სტუმრობდნენ.
სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა და დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ სტუმრებს განუცხადეს, რომ ევროპის ჩემპიონატის გათამაშება - EURO 2024-ში მონაწილეობის მიღება, ქართველი სპორსტმენებისთვის უკვე წარმატებაა და იმედი გამოთქვეს, რომ ისინი, საფრანგეთშიც ისეთივე წარმატებით იასპარეზებენ, როგორც გასულ წელს, ბელგიაში, ქალაქ ბლანკენბერგში, სადაც ერთა ლიგის გათამაშების “C” ქვეჯგუფში პირველი ადგილს დაეუფლნენ.
სტუმრებმა, მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და განაცხადეს, რომ თავს არ დაზოგავენ წარმატების მისაღწევად; მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად ძლიერი კონკურენტებისა, გუნდს, წარმატებული თამაშისა და საუკეთესო შედეგების მიღწევის იმედი აქვს, რადგან ამისთვის, ქართველ ფეხბურთელებს, ყველა რესურსი, პირველ რიგში კი, მონდომება და ძლიერი მოტივაცია გააჩნიათ.
ამპუტანტმა ფეხბურთელებმა და გუნდის ხელმძღვანელობამ, გაწეული თანადგომისთვის, ასევე, მადლიერება გამოხატეს ფონდ’’ავერსისა’’ და შპს.’’მარსის’’ მიმართ.
ინფორმაციისთვის,საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრების 16 წევრიდან, 6 ომის ვეტერანი გახლავთ; ამასთან, ქართველ სპორტსმენთა გუნდში, 12 შშმ პირია.