31-05-2024
„აშშ-ის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34 ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი სისხლის სამართლის დამნაშავედ იქნა ცნობილი. ცხადია, ეს მოვლენა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებით საქართველოდან, რადგან გასული ორი თვის განმავლობაში უწყვეტად ვისმენდით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის, კონგრესმენების და სენატორების მიერ ჩვენი ქვეყნის მისამართით გაკეთებულ აბსოლუტურად უსამართლო, არაადეკვატურ შეფასებებს“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ბნელი დღე, რომელსაც 2023 წელს, აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს უწინასწარმეტყველებდა, აშშ-ში გათენდა.
„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“ - აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 7 მარტი 2023წ. „დღეს ამერიკის ისტორიაში ბნელი დღეა“ - კონგრესის სპიკერი მაიკ ჯონსონი 31 მაისი 2024წ. აშშ-ის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34 ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი სისხლის სამართლის დამნაშავედ იქნა ცნობილი. ცხადია, ეს მოვლენა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებით საქართველოდან, რადგან გასული ორი თვის განმავლობაში უწყვეტად ვისმენდით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის, კონგრესმენების და სენატორების მიერ ჩვენი ქვეყნის მისამართით გაკეთებულ აბსოლუტურად უსამართლო, არაადეკვატურ შეფასებებს.
აღმოჩნდა, რომ ბნელი დღე, რომელსაც საქართველოსთვის პროგნოზირებდნენ, საკუთარ ქვეყანაში გაუთენდათ! საერთაშორისო თუ ადგილობრივი მედია, სოციალური ქსელები გადაჭედილია ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების, ანალიტიკოსების და ჟურნალისტების განცხადებებით, რომელთა შინაარსიც ერთმანეთზე უფრო მძიმეა! ისინი საუბრობენ, რომ მათ ქვეყანაში დემოკრატია დასრულდა; მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენებასა და კორუფციაზე; ამბობენ, რომ არსებული ადმინისტრაცია გავიდა სამართლებრივი ჩარჩოდან და ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის ყველაფერზე წავიდეს! ბუნებრივია აღნიშნულმა განცხადებებმა გაგვახსენა ის ორთვიანი ისტერიული შტურმი, რაც ჩვენ ქვეყანას დაატეხეს სწორედ ამ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ევროკავშირის სახელმწიფოებიდან. მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში დარჩება ფაქტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ, ისეთი კანონის მიღებისთვის, რომლის მსგავსი(გაცილებით უფრო მძიმეც) მათ ქვეყნებში უკვე მოქმედებს ან მიღების პროცესშია.
საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ ანტიდემოკრატიულობაში, თუმცა მალევე გაირკვა რომ თუ სადმე დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, უფრო სწორად საერთოდაც აღარ არსებობს ეს სწორედ ამერიკაა! რა გამოდის, დემოკრატების ადმინისტრაცია ასამართლებს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და ამჟამად პრეზიდენტობის ყველაზე რეიტინგულ კანდიდატს, მოახლოებული არჩევნების წინ; სანქციებს ადებს ჰააგის სასამართლოს და სანქციებით ემუქრება ქართველ კანონმდებლებს, ისეთი კანონის მიღებისათვის, რომელიც მათ ქვეყანაში 1938 წლიდან მოქმედებს. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ აშშ-ის დღევანდელი მმართველობითი სისტემა ეფუძნება პოლიტიკურ ფარისევლობასა და ორმაგ სტანდარტს, რომ ის განიცდის შეუქცევად დეკადანსს, მაგრამ რაც ახლა ხდება სრული შიზოფრენიაა! შეჯამებისთვის, გთავაზობთ დიაგნოზს, რომელიც ამერიკელმა კონგრესმენმა მერჯორი ტეილორ გრინმა დაწერა: „ბაიდენს მხოლოდ დემენცია არ აწუხებს, ის უკვე სრულიად შეურაცხადია!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.