გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე: მოველი, რომ ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდება ძალიან შედეგიანი, ნაყოფიერი და ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით

3-06-2024

„არაერთხელ გვქონია საუბარი, რომ ჭარბობს ემოციები. ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით. ამოქმედების შემდეგ იმედი მაქვს, რომ კანონთან მიმართებაში იქნება უფრო რაციონალური მიდგომა და თუ არსებობს კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები, იქნება ამაზე მსჯელობა და არა უბრალოდ კანონის მიღება - არმიღებაზე იმიტომ, რომ კანონი უკვე მიღებულია," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კომენტირებისას.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, თითოეულ კანონს სჭირდება აღსრულების პირობებში გარკვეული გამოცდა. „ამოქმედების პირობებში ჩვენ დავინახავთ, როგორი იქნება კანონის მუშაობა. საბოლოოდ, მივიღებთ იმ შედეგებს, რაზეც იყო საუბარი, რომ ჩვენ გვექნება უფრო გამჭვირვალე გარემო, რაც, ბუნებრივია, ცალსახად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს," - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


„ყველა იმ პროცესზე, რაც ქვეყანაში ხდება და უკავშირდება მთავრობის და მმართველი გუნდის მიერ გადაწყვეტილებების მიღებას, პასუხისმგებელი მთავრობაა და ამის შესახებ არაერთხელ დაფიქსირებულა. რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, მოველი, რომ ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდება ძალიან შედეგიანი, ნაყოფიერი და ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით. ასე რომ, ჩვენ ველოდებით ძალიან კარგ თანამშრომლობას ჩვენს ძირითად პარტნიორებთან," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


ლევან დავითაშვილმა ასევე კატეგორიულად უარყო მოსაზრება, თითქოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღება ნეგატიურად აისახა საქართველოს უცხოური ინვესტიციების შემოსვლის პროცესში. „ეს კანონი სხვა რამეს ეხება და ვფიქრობ, რომ არ არის კავშირში ინვესტიციებთან. ყველაფერი დროში გამოჩნდება. დროს ნუ დავკარგავთ, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, დაველოდოთ შედეგებს და მერე შევაფასოთ და ვისაუბროთ," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930