11-06-2024
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტის არჩევნებს აფასებს. მისი თქმით, მიუხედავად ლიბერალური პარტიის გამარჯვებისა, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ჩანიშნული არჩევნების ფონზე, მათი შემადგენლობა რადიკალურად განსხვავდება წინა მოწვევის პარლამენტისგან.
ანალიტიკოსის თქმით, ევროპარლამენტში ლიბერალების უკან, მათსავე ქვეყნებში ლიბერალური მთავრობები იდგნენ, დღეს კი ჩანიშნული არჩევნების ფონზე, მემარჯვენეები ლიდერობენ.
„სკდებოდა შენობა, მაგრამ ჯერ ჯერობით გასკდა ბიაზი. ჩვენ ვიცით კინემატოგრაფიის კლასიკიდან, რა მოჰყვა ამ ბიაზის გასკდომას, ჰოდა ნამდვილად ასეა. ძალიან უცნაურია ევროპარლამენტის კომპლექტაციის სისტემა. არანაკლებად უცნაური, ვიდრე ამერიკული საარჩევნო სისტემა.
თავისი საფოსტო გზავნილებით და ა.შ. მტრედების ფოსტაღა აკლია მაგას და პროგრესი სახეზე გვექნებოდა. მიუხედავად ამისა, მემარჯვენეებმა და კონსერვატორებმა ჩააჩოჩეს, შეამცირეს მანდატების ლიბერალური რაოდენობა.
ჩემი გათვლით, დაახლოებით 80 ადგილით ნაკლებს მიიღებს დღესდღეობით მაინც ლიბერალური უმრავლესობა. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ამ უმრავლესობის მიუხედავად, ეს ევროპარლამენტი კარდინალურად არის განსხვავებული და იქნება განსხვავებული თავისი წინა მოწვევის საპარლამენტო შემადგენლობისგან იმიტომ, რომ თითოეული ამ უმრავლესობაში მყოფი ლიბერალის უკან, ასევე ლიბერალური მთავრობა იდგა.
თითქმის ყველა მსხვილ ევროპულ ქვეყანაში - საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ. დღეს ვხედავთ, რომ ამ ადგილობრივ დონეზე ჩატარებულ არჩევნებში იმარჯვებენ მემარჯვენე ძალები, იმარჯვებენ ისე, რომ ჯერ კიდევ გუშინდელი ავტორიტეტები, როგორებიც არიან ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და ა.შ საერთოდ გამქრალები არიან საკუთარი პოლიტიკური რადარებიდან, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო დონის ავტორიტეტებზე“-აღნიშნა ქართველიშვილმა.