13-06-2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტს და პირველ ვიცე-პრეზიდენტს უილიამ ტონგის, ვიცე-პრეზიდენტს კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ჰალა მადანატს, მეცნიერებათა სკოლის დეკანს ჯეფრი რობერტს, გლობალ კემპუსის დეკანს იან გიბსონს შეხვდა. შეხვედრას თსუ სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშვილი ესწრებოდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თსუ რექტორმა ამერიკელ პარტნიორებთან საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებასა და მის გაფართოებაზე ისაუბრა. შეხვედრაზე შეფასდა თსუ-ში უკვე განხორციელებული ერთობლივი პროგრამები, სწავლების მეთოდები, სტუდენტთა მოზიდვისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი პროგრამები: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება და ქიმია.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის
გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით, როგორც მეორე კომპაქტის ერთ-
ერთი ნაწილი.