14-06-2024
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფოს ბალანსზე რიცხულ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში არსებული 17 სატრანსპორტო საშუალების შესახებ.
უწყების განმარტებით, გავრცელებული ცნობები არის დაუზუსტებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის რეკომენდაციის საფუძველზე მოსაკვლევ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 15-ვე სატრანსპორტო საშუალების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა. კერძოდ, 15 სატრანსპორტო საშუალებიდან, სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, 6 ერთეული გადაცემულია სახელმწიფო უწყებებზე. ასევე, 6 მათგანი სხვადასხვა წლებში გასხვისდა ელექტრონულ აუქციონზე. დარჩენილი 3 განთავსებულია სხვადასხვა ავტოსადგომზე, მათ შორის ერთი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ აღნიშნული 15 სატრანსპორტო საშუალებიდან 13 არის სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, ხოლო სახელმწიფო უწყებებზე (მუნიციპალიტეტები, სამაშველო სამსახურები) გადაცემულია შემდეგი მარკის სატრანსპორტო საშუალებები (MTZ Belarus 82.1, FIAT 850 DT-1, UAZ 39629 (2 ერთეული), SUZUKI JIMNY 1.3; CLAAS CERES 336).
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე რეგისტრირებული ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას, ისინი სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკითხის გასარკვევად 2023 წელს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების სამინისტროს სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 7 მაისის No1-1/716 ბრძანების და კერძო პირის 2007 წლის განცხადების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ გადმოსცემია.
აქედან გამომდინარე, ცალკეული მედია საშუალებების მეშვეობით გავრცელებული ცნობები არის დაუზუსტებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.