28-06-2024
ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
პრემიერის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის 95%-ს.
„4-ჯერ გაიზარდა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი. 2012 წელი იყო 450 მლნ ლარი და 2023 წელი იყო 1,8 მლრდ ლარი. მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. ოთხმაგი ზრდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების ნაწილში მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის ადამიანებზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად შემცირებული, 2012 წელს ჯიბიდანგადახდების მოცულობა იყო 73%-ზე მეტი, რაც არის შემცირებული დაახლოებით 40%-მდე უკვე 2023 წლისთვის. როგორ მოგეხსენებათ, ამოქმედდა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა, ე.წ. DRG, რამაც სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-დან 12%-მდე შეამცირა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც განხორციელდა. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა დადებითად აისახა, როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ისე ფარმაცევტულ სფეროში კონკურენციის დაბალანსებაზე. დღეისათვის რეფერენტული ფასის ზედა ზღვარი დადგენილია 7100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის მედიკამენტზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, შარშან ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან.
„შარშან აგვისტოდან დღემდე დაფინანსდა 18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 89 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, მოიხსნა პაციენტისთვის თანაგადახდის ვალდებულება. 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. აშენდა და აღიჭურვა 17 სოფლის ამბულატორია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ამბულატორიას; ამჟამად მიმდინარეობს 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია.ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიან განხორციელებას მოჰყვა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია; 65%-დან 80%-მდე გაიზარდა განკურნების მაჩვენებელი, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა.დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი თაობის სისტემები. მოწყობილობა შევიძინეთ 1 155 ბავშვისთვის. გაიზარდა პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. ვმუშაობთ პროგრამის კიდევ უფრო გასაფართოებლად. გაფართოვდა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
რეანიმობილები, ამაზე იყო დიდი მოთხოვნა, დაემატა ხულოს, ოზურგეთის, ლენტეხის, მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს, ხოლო პედიატრიული პაციენტების ტრანსპორტირებისათვის - თბილისს. წლის ბოლომდე 15 ერთეული ახალი, ევროსტანდარტების რეანიმობილი მიეწოდება ბათუმს, თბილისს, გურჯაანს, აბაშას, წნორსა და ტყიბულს.ცენტრის ავტოპარკს შარშან დაემატა 25 ახალი ავტომობილი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის და 18 სასწრაფო დახმარების ავტომანქანა; წელს ეტაპობრივად კიდევ 105 ახალი ავტომობილის დამატებაა დაგეგმილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.