28-06-2024
სამომავლოდ არის დაგეგმილი მნიშნველოვანი რეფორმები. სისტემას ჰყავს ახალი მინისტრი, მადლობა მინდა მას გადავუხადო ენთუზიაზმით მუშაობისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ წარვადგენთ ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც მიზნად დაისახავს ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან და ასევე პაციენტებთან ინტენსიური კომუნიკაცია.
„მადლობა კიდევ ერთხელ ჯანდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ მას აქვს ასეთი ძალიან აქტიური და ცოცხალი კომუნიკაცია, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთა, ასევე პაციენტებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც უკავშირდება უშუალოდ მათ ინტერესებს. მინდა გავიხსენო რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი, რომელიც საბოლოოდ გადაწყდა საავადმყოფოს პერსონალის ინტერესების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. აქ მთავარი იყო ის, რომ ეს რეკომენდაციები იყო თავისთავად არგუმენტირებული, საფუძვლიანი და საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სივრცის უკანა ტერიტორიაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის თაობაზე. პროექტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ დაიწყება უკვე მშენებლობის სამუშაოები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ წინა სივრცე იქნებოდა გამოყენებული საინვესტიციო პროექტისთვის, თუმცა ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის. მთავრობა უზრუნველყოფდა მიზნობრივ ჯგუფებს, მათ შორის ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვებს სოციალური დაცვის პროგრამებით. ჩვენ წინა გამოსვლის დროს, 8 თებერვალს გვქონდა საკმაოდ აქტიური მსჯელობა პენსიონერების სესხებზე და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვაწარმოეთ პოლაპარაკებები რიოგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე პროვაიდერ ლიბერთი ბანკთან და მივაღწიეთ შეთანხმებას. მადლობა ლიბერთი ბანკს იმისათვის, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა და რამდენიმე პროცენტული პუნქტით ამის შედეგად შემცირდა პროცენტული განაკვეთი საპენსიო სესხებზე. ასევე მინდა ცალკე აღვნიშნო კოვიდ-ამნისტია, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ათასობით მოქალაქეს ჩამოეწერა კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები. რამდენიმე წელი ჩვენს თანამოქალაქეებს რჩებოდათ ჯარიმები, რომლებიც იყო გადაუხდელი და მათი ამოღება იქნებოდა აბსოლუტურად არაგონივრული. ჯარიმისგან გათავისუფლდა 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხამ შეადგინა დაახლოებით 5.6 მლნ ლარი", - განაცხადა პრემიერმა.