გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით

28-06-2024

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სკოლამდელი და სასკოლო განათლების დონეზე ეტაპობრივად გაფართოვდა ორენოვანი განათლების მოდელის გეოგრაფიული არეალი. 


მისივე თქმით, სახელმწიფო ენის ბილინგვური მეთოდით სწავლება 36 საბავშვო ბაღსა და 184 საჯარო სკოლაში დაინერგა. 


„რეგიონებში არაქართულენოვან სკოლებში მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტის დასაძლევად მივლინებულ იქნა 397 ქართულენოვანი მასწავლებელი. მშვიდობის ფონდის მეოთხე საგრანტო კონკურსის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 129 ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდ ინტერესზე მეტყველებს. დაფინანსდა 22 ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნესპროექტი. შარშან ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩაირიცხა 235 სტუდენტი. შეუფერხებლად და ეფექტიანად გრძელდება „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის" ფარგლებში სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა; პროგრამით, საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის რეგიონიდან 1200-მდე, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 300-მდე ადამიანმა ისარგებლა.  


მთავრობა აგრძელებს აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერასა და სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, ვაქცინების, მედიკამენტების, ანტივირუსული ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულარულად მიწოდებას. ამ პერიოდის განმავლობაში ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  


მისივე თქმით, გრძელდება აფხაზეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა და ადგილზე მოსახლეობის დახმარება. 


„საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, აფხაზეთის რეგიონს გადაეცა მცენარეთა და ცხოველთა დაცვის 400,000 ლარზე მეტი ღირებულების საშუალებები. 
გაგრძელდა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების პროგრამა. გასული 12 თვის განმავლობაში, გადმოსვენებულ იქნა და ოჯახებს გადაეცა უგზო-უკვლოდ დაკარგული 68 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი; გაიმართა მათი სათანადო პატივით დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი. 


გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით. 14 ათასზე მეტ ოჯახის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწია ფინანსური დახმარება.  2000-ამდე სტუდენტს სახელმწიფოს მიერ დაუფინანსდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების საფასური. სოფელ ზარდიაანთკარში რეაბილიტირდა 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული 28 სახლი, ამ სახლების მფლობელები დღემდე უზრუნველყოფილნი იყვნენ დროებითი საცხოვრებლით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930