28-06-2024
წარსული გამოცდილება გვაძლევს ჩვენ რწმენის საფუძველს და ვართ დარწმუნებული, თუ ღირსეულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს მიზანი არის მიღწევადი სწორედ 2030 წლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლიდან მოყოლებული არის უსამართლო განცხადებები, შეფასებები, თუმცა ამის მიუხედავად, სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო და მიიღო ოთხივე უმთავრესი ხელშესახები შედეგ ევროინტეგრაციის გზაზე.
„რაც შეეხება ოპტიმიზმს, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას, ეს იყო დავით ზილფიმიანის შეკითხვა. კითხვა დაისვა იმ ჭრილში, რომ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება კრიტიკული, ნეგატიური განცხადებები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვახსოვს ასეთი კრიტიკული განცხადებები წარსულშიც, იყო გარკვეული პროცესები, რომლებიც უარყოფითად აისახებოდა ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა ჩვენ ამ სირთულეებს ვართ მიჩვეული, მათ შორის უსამართლო განცხადებებსაც ვართ მიჩვეული და სწორედ ამ პირობებში, უსამართლო კრიტიკის პირობებში, წლების განმავლობაში, ეს გრძელდებოდა 2012 წლიდან მოყოლებული. ეს არ არის მხოლოდ ბოლო წლების ამბავი, წლებია, გრძელდება, 2012 წლიდან უსამართლო განცხადებები, შეფასებები, თუმცა ამის მიუხედავად, სერიოზული სირთულეების მიუხედავად, სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო და მიიღო ოთხივე უმთავრესი ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციის გზაზე. შეგახსენებთ, ეს იყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, ეს იყო ვიზალიბერალიზაცია და ბოლოს ეს იყო კანდიდატის სტატუსი. სწორედ ეს გამოცდილება გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს. შესაძლოა, მომავალშიც იყო უსამართლო განცხადებები, უსამართლო კრიტიკა, თუმცა წარსული გამოცდილება გვაძლევს ჩვენ რწმენის საფუძველს და ვართ დარწმუნებული, თუ ღირსეულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს მიზანი არის მიღწევადი სწორედ 2030 წლისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.