გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში. ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის

11-07-2024

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვასა და თავდაცვის უწყებისთვის დაფინანსების შეჩერებას შეეხებოდა.


როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, პრემიერ-მინისტრისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც სჭირდება გააზრება და მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში. „ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის. საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში არსებული სხვადასხვა საკითხი, რომლებზეც არსებობს განსხვავებული პოზიციები, უნდა შეჯერდეს და პოზიციები, საბოლოო ჯამში, უნდა დაახლოვდეს. ამის შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ და ამის მოლოდინიც გვაქვს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება ერთის მხრივ, აშშ-ის მხრიდან „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნის გადადებასა და მეორეს მხრივ, ევროკავშირის მხრიდან ევროპის მშვიდობის ფონდის რესურსების ხელმისაწვდომობას, ირაკლი ჩიქოვანმა დასანანი და გაუგებარი უწოდა. მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძალიან ბევრი და წარმატებული შედეგი გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. „მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ წვრთნები და განსაკუთრებით, საერთაშორისო წვრთნები, ატარებენ კონკრეტულ სარგებელს როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-სთვის და ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში იღებს მონაწილეობას, რადგანაც ხელს უწყობს ერთის მხრივ, ჩვენი ურთიერთთავსებადობის გაზრდას, მეორეს მხრივ, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ასევე, საშუალებას იძლევა, რომ გავიცნოთ, თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს. შესაბამისად, კოორდინირებულად ვიმოქმედოთ და გვქონდეს ამაზე კოორდინირებული რეაგირება“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.


მინისტრის თქმით, დღესაც საქართველოს აშშ-სთან თანამშრომლობის ბევრი ფორმატი აქვს, რომელზეც განცხადებები ამერიკული მხარის მხრიდანაც გაკეთდა. „აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც გრძელდება და რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება. ასევე გეტყვით იმას, რომ ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


ევროპის მშვიდობის ფონდიდან რესურსების გაყინვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე მინისტრმა უპასუხა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებაც იქნება გადახედილი. „ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა, ძირითადად, არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“, - განმარტა მან. ხოლო გერმანიის მხრიდან დახმარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, პოზიტიური შედეგები, რომელიც აქვს საქართველოს და აქვს ჩვენს პარტნიორებსაც. ამოცანები, მიზნები და გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, იყო ერთობლივი ამოცანები და გამოწვევები. შესაბამისად, შედეგებიც ურთიერთსასარგებლო იყო და არა მხოლოდ ერთი მხარისთვის სასარგებლო“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031