გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა

18-07-2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინა და მის არჩევას მხარი დაუჭირა.


კენჭისყრამდე, გიორგი გაბიტაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც გენერალურ პროკურორად მისი არჩევის შემთხვევაში, პროკურატურის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება. 


„პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება", - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.


გიორგი გაბიტაშვილის თქმით, განსაკუთრებული პრიორიტეტია მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვა, მათ შორის, სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გავრცელებისგან.


მან ასევე ისაუბრა, საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობის მნიშვნელობაზე, 2022-2024 წლებში ფულის გათეთრების დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და დევნის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებზე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ახლებური მიდგომების ჩამოყალიბების საჭიროებაზე და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე.


გენერალური პროკურორობის კანდიდატმა მოხსენების შემდეგ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.


გიორგი გაბიტაშვილი 2013 წლიდან დღემდე არის გენერალური პროკურორის მოადგილე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930