25-07-2024
„ყველას ალბათ საკუთარი მოსაზრება აქვს საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის" არსის თაობაზე. ჩემთვის ეს ზღვარი გადის ძირითად განსხვავებულობაზე - „მატერიის სულიერებასა" და „სულის მატერიალიზაციას“ შორის. აქ შედის ყველაფერი: რწმენა, იდეოლოგია, პოლიტიკა და ეს ორი ერთმანეთთან „ვერ ძოვენ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უნდა გამოირიცხოს „სულის მატერიალიზაციის" ჭაობში საქართველოს ხელმეორედ მოხვედრა.
„ეს არის ის შემთხვევა, სადაც კომპრომისის მიღწევა კი არა, მისი დაშვებაც კი შეუძლებელია. ამიტომაც ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების პლატფორმა აბსოლუტურად შეუთავსებელია ფსევდოლიბერალიზმის გინდ „იმპორტულ" და გინდ „ადგილობრივ“ სახეობებთან. საქართველოსთვის „გადატვირთვა" გადის მხოლოდ „სულის მატერიალიზაციაზე“ უარის მტკიცე განაცხადის გზაზე, რასაც აშშ-სა თუ ევროკავშირის ამჟამინდელი მმართველი ელიტები ვერ განახორციელებენ.
თუმცა მათ წიაღში არსებობენ „მატერიის სულიერების" ძალებიც. ისინი ნელ-ნელა, მაგრამ უახლოვდებიან საკუთარ ქვეყნებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებ მწვერვალებს. ამავდროულად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ „სულის მატერიალიზაციის" ჭაობში საკუთარი ხელმეორედ მოხვედრა.
მაშინ შედგება ჩვენს შორის „სინერგია", მაშინ იქნება შესაძლებელი „გადატვირთვა". გვეჩქარება სადმე? მეთიუ მილერი გვაღიზიანებს? კოღოს „შიშით" ტყეში აღარ შევიდეთ? საკუთარი ქვეყანა თავზე ემხობა, მაგრამ თავის დღის წესრიგს მაინც ჩვენზე ქმნის? დადგება შემოდგომა, გაქრება კოღო, დაუბერავს სასიამოვნო ნიავი და ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენენ „მილერ-ბლინკენ-ბაიდენზე" უფრო მაღლად მყოფი ძალები, რომელთა არსებობას „სულის მატერიალიზაციის“ ბანაკებში ჯიუტად ვერ იმჩნევენ...“ - დავით ქართველიშვილი.