გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფი განვითარება, რომ ევროპულ სტანდარტებს დავეწიოთ და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, ეს იქნება ჩვენი მთავარი პროგრამული ამოცანა მომავალი წლებისთვის

30-07-2024

ჩვენ გვექნება საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა საკითხს და ერთ-ერთი მთავარი სფერო იქნება ეკონომიკა და ეკონომიკური წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.


„ჩვენ გვექნება საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა საკითხს და ერთ-ერთი მთავარი სფერო იქნება ეკონომიკა და ეკონომიკური წინსვლა. ჩვენ გვქონდა ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა, გასული სამი წლის განმავლობაში, რომელიც გრძელდება მეოთხე წელსაც. საშუალო ზრდა 2021, 2022 და 2023 წლებში იყო 9,7 პროცენტი. წელსაც, პირველი ხუთი თვის მონაცემებით, გვაქვს 9,3 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ამ მონაცემებით, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე ევროპაში. ჩვენი ამოცანა არის ამ ტემპის შენარჩუნება, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ინვესტიციების მოზიდვა. ამისათვის გვჭირდება იმ პროექტების ბოლომდე მიყვანა და გაგრძელება, რომელიც დიდი ხანია დაწყებულია. ეს არის მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები, საგზაო პროექტები. მალე უნდა დასრულდეს თბილისი-ბათუმის ავტობანის მშენებლობა. შემდეგ უნდა გავაგრძელოთ ავტობანის მშენებლობა საზღვრებამდე. აზერბაიჯანი, სომხეთის საზღვარი. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომელიც დასრულდება მომავალი წლისთვის. კახეთის მონაკვეთია ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მიმართულებით გაგრძელდება სამუშაოები. არის რკინიგზის პროექტი, ანაკლიაში პორტი უნდა აშენდეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტია, რომელსაც მსვლელობა აქვს უკვე მიცემული და ცხადდება შესაბამისი პროცედურები იმისათვის, რომ დაიწყოს აეროპორტის მშენებლობა და პირველი ფაზა რამდენიმე წელიწადში უნდა დასრულდეს და საბოლოო ჯამში, თბილისს ექნება 19 მილიონ მგზავრზე გათვლილი აეროპორტი, როდესაც, მოქმედი აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზეა გათვლილი, შესაბამისად, ძალიან მალე ამოწურავს თავის ლიმიტებს არსებული აეროპორტი. იმისათვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ ზრდას დავაწიოთ მობილობის ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება.


ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. „დინამოს" სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება. საუნივერსიტეტო რეფორმის კუთხით გვექნება სერიოზული შეთავაზებები საზოგადოებისთვის, კულტურის, სპორტის სფეროში, ყველა მიმართულებით ძალიან ამბიციური და ამავდროულად, რეალისტური გეგმა იქნება წარდგენილი საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ჯერ კიდევ, ჩვენი მაჩვენებელი ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ჩვენი ეკონომიკა წელს გახდება 9 000 დოლარამდე, მაგრამ ევროპის ქვეყნებია, რომლებსაც ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა 30-40 ათასი დოლარი აქვთ. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფი განვითარება იმისათვის, რომ ევროპულ სტანდარტებს დავეწიოთ და მინიმალურ ევროკავშირის განვითარების დონეს გადავასწროთ, რაც საკმაოდ რეალურია. 2030 წლისთვის ამ ამოცანის შესრულებაც არის საკმაოდ რეალური. მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი მომავალი წლების განმავლობაში. ეს იქნება ჩვენი მთავარი პროგრამული ამოცანა მომავალი წლებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930