გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორობის პრეტენდენტ კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა წინადადებების დაზუსტების მიზნით

1-08-2024

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. ლევან დავითაშვილმა ამ საკითხზე დეტალური განმარტებები გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, მართალია, უკვე გამოვლენილია პრეტენდენტი - კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore), თუმცა, ამ ეტაპზე მასთან მიმდინარეობს მუშაობა წინადადებების დაზუსტების შესახებ.


„ეს არის პროცესი - ჩვენ გამოვლენილი გვყავს პრეტენდენტი, რომელმაც წარმოადგინა კონკრეტული წინადადებები, თუმცა, მასთან მიმდინარეობს მუშაობა წინადადებების დაზუსტების შესახებ. ესაა საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტი ბევრი მოთხოვნით, ბევრი ტექნიკური პარამეტრით, რომელიც საჭიროებს შესაბამისობაში მოყვანას და აქედან გამომდინარე, გრძელდება მოლაპარაკებები პრეტენდენტ კომპანიასთან, ვფიქრობ, რომ ეს პროცესიც გეგმაზომიერად მიდის.


ალბათ, ჩვენი გადაწყვეტილება და ტაქტიკა სწორი იყო, როცა პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით პარალელური პროცესები წარვმართეთ - დაგვეწყო სამშენებლო სამუშაოების ჩვენი ნაწილი ისე, რომ არ დავლოდებოდით კერძო პარტნიორს და შემდგომში დროის დაკარგვის გარეშე შევარჩიოთ პარტნიორი და უკვე სახმელეთო ინფრასტრუქტურა განვავითაროთ შესაბამის პარტნიორთან ერთად", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველი ვიცე-პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო პარტნიორობის პრეტენდენტი კომპანია გამოვლინდა და დაფიქსირდა, მაგრამ გამარჯვებულად არ გამოცხადებულა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გამარჯვებულად გამოცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირობები, რომელიც დასაზუსტებელია, საკონკურსო პირობებთან იქნება შესაბამისობაში. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიასთან დიალოგი სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს.


„აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ეს კონსორციუმი დღეს გამოვაცხადოთ გამარჯვებულად, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ დიალოგის პროცესში მოხდება წინადადების საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და ამ შემთხვევაში გვეყოლება გამარჯვებული. ამისთვის ჩვენ ვადები არ გვაქვს შეზღუდული, გვყავს რამდენიმე საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ. ისინი სწავლობენ ახლა განახლებულ წინადადებას, შემდგომში მივიღებთ მათ მოსაზრებებს და მათი გაზიარების შემდეგ კონსორციუმთან, შედგება კიდევ ერთი რაუნდი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირობები დაზუსტდება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე სამუშაოდ სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია „ანაკლიის ღრაწყლოვანი პორტი". ინვესტორის შერჩევის შემდგომ კი დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო კომპანიას 51%-იანი წილი, ხოლო კერძო პარტნიორს 49% ექნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930