გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”: 2008 წლის ომმა გვასწავლა, რომ აღელვებულ ოკეანეში საჭიროა მეტი სიფრთხილე და პრაგმატიზმი ვიდრე მიტინგებზე მგზნებარე ყვირილი

8-08-2024

“2008 წლის ომმა კარგად გვაჩვენა იმ წარმოსახვითი სამყაროს და იდეალების სიყალბე, რომელსაც დღემდე ჰყავს ჩვენთან მხარდამჭერები. ისინი დღესაც უცხო ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით ცდილობენ საქართველო ჩართონ ომში, მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება და ამისათვის ადგენენ გაურკვეველ „ტექნიკურ მთავრობებს“ და კოალიციებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაშია ნათქვამი.


როგორც განცხადებაში წერია, 2008 წლის 5 დღიანი ომი ძალიან ბევრ დანაშაულს იტევს.


“2008 წელს, აშშ-ის მმართველი ძალების მიერ წაქეზებული საქართველოს მარიონეტული მთავრობა, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის და ინტერესების წინააღმდეგ, სამხედრო კონფლიქტში შევიდა რუსეთის ფედერაციასთან, რასაც შედეგად მოჰყვა უდიდესი მსხვერპლი, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ათიათასობით დევნილი და ქართული მოსახლეობისაგან ეთნიკური ნიშნით წმენდა ცხინვალსა და ცხინვალის რეგიონში.


ცალკეული ორმხრივი პროვოკაციების მიუხედავად, საერთაშორისო დონეზე ქართული მხარე დაფიქსირდა, როგორც კონფლიქტის ცხელი ფაზის ინიციატორი, რამაც საფუძვლიანად შეარყია საქართველოს როგორც მშვიდობისმოსურნე ქვეყნის იმიჯი. ომის მწვავე ფაზის დადგომამდე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არაერთხელ იქნა გაცხადებული, რომ საქართველოს მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას, მოჰყვებოდა მათი ინტერვენცია და ჩარევა კონფლიქტში. მიუხედავად კავკასიის გეოპოლიტიკური მდებარეობისა, საერთაშორისო პატრონები აშშ, ევროკავშირის და NATO-ს ოფისებიდან ცრუ დაპირებებით კვებავდნენ ნაციონალურ მოძრაობას, სრული მხარდაჭერის იმედით. ომით გამოწვეული გამანადგურებელი შედეგების ფონზე კი, ყველა მათგანმა ხელი დაიბანა და დაიწყეს პირიქით მტკიცება, თითქოს ისინი აფრთხილებდნენ სააკაშვილს მოსალოდნელ შედეგებზე. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მიერ გამოცემული წიგნი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს დაჟინებით სთხოვდა არ წამოჰგებოდა პროვოკაციას. როგორ ჰგავს მისი ომისშემდგომი პოზიცია, ინგლისის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის დღევანდელ პოზიციას, უკრაინის ომთან დაკავშირებით. სტამბულის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემსრულებელი დღეს უკვე, ომის აუცილებელ შეწყვეტაზე ლაპარაკობს დონალდ ტრამპის ოფისიდან.


მეტიც, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საგამოძიებო კომისიის(ტალიავინის კომისია) დასკვნაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი. შემდეგ იყო, კიდევ ერთი ევროპული სტრუქტურის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრთა, დღეს უკვე სხვადასხვა პარტიებში გაფანტული პოლიტიკოსების მხარდაჭერით დამტკიცდა, რომელშიც ასევე ქართული შეიარაღებული ძალებია ომის დაწყებაში დადანაშაულებული. დღეს, იგივე პოლიტიკოსები უტიფრად დგებიან გმირულად დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან, აკეთებენ უნიჭო პათეტიკურ განცხადებებს და ისტორიის გადაწერას ცდილობენ.


აქვე, აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩვენმა ე.წ. უცხოელმა მეგობრებმა, მათ შორის უკრაინელებმაც, 2009 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმში მიიღეს მონაწილეობა, ალბათ სწორედ ასე გამოხატავდნენ სოლიდარობას საქართველოს მიმართ.


სხვა დასავლურ სტრუქტურებს, ცინიზმში არც NATO ჩამორჩა და მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი, აგვისტოს ომზე პასუხად NATO მხოლოდ MAP-ზე უკეთესის მონიჭებით შემოიფარგლა და მას შემდეგ 16 წელია ყოველ სამიტზე ისევ იმავეს იმეორებენ.


NATO-ს სამხედრო ბლოკის შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში იმთავითვე უტოპიური იყო და ყალბი დაპირებები, მხოლოდ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით გაიცემოდა.


აშშ-ის მმართველმა ძალებმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ერთად მოატყუეს საქართველო და უკრაინა. ასევე მოგვიანებით, ერთად შეატანინეს აღნიშნულ ქვეყნებს კონსტიტუციაში ის საბედისწერო მუხლი, რომელიც მათ ხელს უშლის პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წარმართვაში და რომლითაც მიჯაჭვული ჰყავთ, იმ გაერთიანებებზე, სადაც ვერასოდეს შევლენ.


2008 წლის 5 დღიანი ომი ძალიან ბევრ დანაშაულს იტევს. რა წვლილი აქვთ გარე ძალებს ამ ყველაფერში ნაწილობრივ უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს იმჟამინდელი ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც ღალატის ქრესტომათიული მაგალითებია. სამწუხაროდ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა, გასცდეს აგვისტოს ომის პოლიტიკურ შეფასებას და საფუძვლიანი გამოძიების შედეგად, დააყენოს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობა.


ნაციონალურმა მოძრაობამ პასუხი უნდა აგოს ქვეყნის დამანგრეველ ავანტიურაში ჩართვის გამო! მათ პასუხი უნდა აგონ ჩვენი ჯარისკაცების ცხედრების მიტოვებაზე, რომლებმაც მიუხედავად სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლაჩრობისა და არაკომპეტენტურობისა, გმირულად იბრძოლეს. რომ არა საქართველოს პატრიარქი და სამღვდელოება, დაღუპულთა ოჯახებს ცხედრების დატირების საშუალებაც კი არ ექნებოდათ.


სამართლებრივად უნდა შეფასდეს, საბრძოლო მოქმედებების დროს იმჟამინდელი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის უაღრესად არაკომპეტენტური და მოღალატეობრივი ქმედებები; კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩაბარება; ნაციონალური მოძრაობის მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერა; აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების რუსულ კომპანიებზე გასხვისება და სხვა დანაშაულები, რომლებიც ხელის გულზეა და რომელთა შედეგებსაც დღემდე იმკის ქვეყანა.


საერთო ჯამში, 2008 წლის ომი შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ერთგვარი ხარკი აშშ-ის მმართველი ძალებისთვის, რომელიც სააკაშვილმა ქართველი ხალხის სისხლით და ქართული მიწით გადაიხადა, იმისათვის რომ მის რეჟიმს “დემოკრატიის შუქურის” წოდება შენარჩუნებოდა და ქვეყნის მართვა სასტიკი ძალადობრივი მეთოდებით გაეგრძელებინა.


ისტორიაში, დიდი სახელმწიფოების მიერ, პატარა, პროქსი სახელმწიფოებით ერთმანეთთან ანგარიშსწორების პოლიტიკა არახალია, მაგრამ დღევანდელ გლობალისტურ მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ფორმები მიიღო ამ პრაქტიკამ. დაპირისპირებულ სუპერსახელმწიფოებს ძალიან პრაგმატულად ეჩვენებათ ერთმანეთთან პრობლემის შექმნა და შემდეგ მისი მოგვარება სხვა სახელმწიფოების ინტერესების, ზოგჯერ არსებობის ხარჯზეც კი. ასე მოხდა საქართველოს შემთხვევაში, რასაც შეეწირა უამრავი ჩვენი თანამემამულე, ტერიტორიების 20% საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა და ათასობით ოჯახი საკუთარ სახლ-კარს მოწყდა და ასე ხდება უკრაინის შემთხვევაშიც, რომელიც არსებობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა.


იმისათვის, რომ საქართველოში აღარ განმეორდეს მსგავსი მასშტაბის ტრაგედია, აუცილებელია მეზობლებთან კონსტრუქციული, საქართველოს ინტერესების დაცვით პრაგმატული პოლიტიკის გატარება, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ვხედავთ, და არა გლობალური ლიბერალური ცენტრის ინტერესებითა და ინსტრუქციებით ცხოვრება.


2008 წლის ომმა კარგად გვაჩვენა იმ წარმოსახვითი სამყაროს და იდეალების სიყალბე, რომელსაც დღემდე ჰყავს ჩვენთან მხარდამჭერები. ისინი დღესაც უცხო ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით ცდილობენ საქართველო ჩართონ ომში, მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება და ამისათვის ადგენენ გაურკვეველ „ტექნიკურ მთავრობებს“ და კოალიციებს.


2008 წლის ომმა ჩვენ გვასწავლა, რომ აღელვებულ ოკეანეში საჭიროა მეტი სიფრთხილე და პრაგმატიზმი ვიდრე მიტინგებზე მგზნებარე ყვირილი”, – წერია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930