20-08-2024
საკონსტიტუციო უმრავლესობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი ძირითადი ადრესატი ე.წ. ნეიტრალური ამომრჩეველია, რომელიც არც წელს აპირებს არჩევნებზე მისვლას.
დავით ქართველიშვილი განმარტავს, თუ რატომაა აუცილებელი „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლების მხრიდან არჩევანის გაკეთება და დასძენს, რომ სწორედ ამ ადამიანების მონაწილეობა პროცესებში აარიდებს ქვეყანას საფრთხეებს.
დავით ქართველიშვილი ურჩევს ყველას, ვინც პროცესებს შორიდან უყურებს, წელს იაქტიურონ და ქვეყნის ინტერესებისთვის საჭირო არჩევანი გააკეთონ, რადგან დღეს წყენის დრო არ არის და ქვეყანა გადასარჩენია.
„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადების ძირითადი ადრესატი არა მმართველი პარტიის ამომრჩეველი და მით უმეტეს არა ჩვენი პოლიტიკური „ცვილის ფიგურებია". ეს არის ბუნებაში არარსებული სრულყოფილი ადამიანის პოზიციაზე, „იდეალური" ხელისუფლების მუდმივ მოლოდინში მყოფი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს „ნეიტრალურ მხარეზე" გრძნობს კომფორტულად და დიდი ალბათობით არც წელს აპირებს საარჩევნო ყუთებთან მისვლას. ეს ზუსტად ის ამომრჩეველია, 2020 წელს სწორი არჩევანი რომ გაეკეთებინა, პრობლემა აღარ გვექნებოდა იმპიჩმენტის გზით ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი სამარცხვინო პრეზიდენტი რომ გაგვეშვა სახლში. დიახ, ჩვენ სულ რამდენიმე ხმა დაგვაკლდა საამისოდ.
დღეს ქვეყნის წინაშე კი, უფრო მნიშვნელოვანი და საშიში გამოწვევებია. „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მკაფიოდ ახსნა, თუ რა სტრატეგიული ხასიათის ამოცანების გადასაჭრელად და რა ტიპის რისკების დასაზღვევად სჭირდება დღეს ქვეყანას საკონსტიტუციო უმრავლესობა. ერთ დიდ გლობალურ საგიჟეთად ჩამოყალიბების პირას მყოფ მსოფლიოში, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მძევლობაში მყოფ მსოფლიოში ჩვენ წყალივით გვჭირდება პრინციპული და ურყევი დამოკიდებულების დაფიქსირება ქვეყნის საკონსტიტუციო და კანონმდებლობის დონეზე.
ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვუტანოთ ამ იდეოლოგიის მავნე მედროშეებს მათთვის განკუთვნილი პოლიტიკური განაჩენი. ამ ძალების ფინანსისტებს, "ქოუჩებს" და ლობისტებს კი, მაქსიმალურად შევუქმნათ დისკომფორტის რეჟიმი, რათა ვაიძულოთ ორი შესაძლებელი ვარიანტიდან სათავისოდ მისაღები თავად შეარჩიონ:
1) ან მოეშვან მავნებლობას და ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან ან
2) ერთხელ და სამუდამოდ დატოვონ საქართველოს პოლიტიკური სივრცე. რაც შეეხება სუბიექტური, ან თუნდაც ობიექტური უკმაყოფილების ყაიდაზე მყოფ ამომრჩეველს, რომელიც მმართველ პარტიას არაიდეალურობას უწუნებს - მათ "მარსიდან" დედამიწაზე დაბრუნებას ვურჩევდი.
ჰიბრიდული, ბირთვული, ბიოლოგიური, პროქსი თუ მესამე მსოფლიოს ომების რეალური და არა ბუტაფორიული საშიშროების წინაშე მყოფ ვითარებაში - საკუთარ (შესაძლოა მცდარ) შეხედულებებს, წელს "ყელზე უნდა დააბიჯონ" და სამშობლოს ინტერესებისთვის საჭირო არჩევანი გააკეთონ. კვლავ მახსენდება 60-იან წლებში პატრიარქ ეფრემთან მისული მრევლის დელეგაცია, რომელიც უწმინდესს სთხოვდა მათი აზრით დიდუბის ეკლესიაში „უღირსი მღვდლის" - "მორწმუნე მღვდლით" ჩანაცვლებას. პატრიარქმა ანახა მათ არაერთგზის შეკეთებული და ძველი ანაფორა, რომლის ახლით ჩანაცვლების ამ ეტაპზე არანაირი საშუალება არ ჰქონდა. „თქვენ ტაძარში „"უფალო შეგვიწყალეს" გალობენ?," - მოულოდნელად იკითხა პატრიარქმა. „კი, გალობენო," - უპასუხა მრევლმა.
„ჰოდა, ესეც საკმარისია თქვენი გადარჩენისთვის!" - წერტილი დაუსვა უწმინდესმა ამ დისკუსიას. დღეს საქართველოში ნამდვილად „გალობენ უფალო შეგვიწყალეს". საკუთარი დაუდევრობით იმდენს ნუ ვიზამთ, რომ ამ ლოცვის მოწინააღმდეგე ძალას დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური და სულიერი ასპარეზი. დღეს წყენის თუ დიდი „პროფესორობის" დრო არაა - არჩევანი მარტივია. დუნია გადარჩენა/არგადარჩენის ზღვარს უახლოვდება..." - წერს დავით ქართველიშვილი.