8-09-2024
საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
„ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს - რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში
ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.
11 სექტემბერს იმიტირებული კენჭისყრის პროცესი დაიწყება 11:00 საათიდან და გაგრძელდება 18:00 საათამდე. საარჩევნო ოლქების მიხედვით საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება იმიტირებული კენჭისყრა, განთავსებულია ბმულზე: https://cesko.ge/static/file/202409085742-imitacia.pdf საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესონ ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.