11-09-2024
„პრემიერის ინიციატივა ემსახურება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, ისე საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფას სახელმწიფო ინტერესების გატარებაში, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კი, ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო სექტორზე იმისათვის, რომ მათ არ მიიღონ დაფინანსება საქართველოს სახელმწიფოსაგან", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა დიდი ხანია, იძლევა სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო სექტორისათვის საგრანტო თანხების გამოყოფის შესაძლებლობას:
„უფრო მეტსაც გეტყვით, იუსტიციის სამინისტრო უკვე მესამე წელია, აცხადებს საგრანტო კონკურსებს, რომლის ფარგლებშიც ვაფინანსებთ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვუფინანსებთ მათ სხვადასხვა სახის პროექტებს კონკურსის დაწყებისას წინასწარ გამოცხადებული პრიორიტეტების შესაბამისად", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართული გრანტის ქონა არ უზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციას უცხოური ფონდებისგან დაფინანსების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა თქვას უარი ორგანიზაციამ მეტ დაფინანსებასა და მეტი პროექტის განხორციელებაზე.