გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, ომსა და მშვიდობას შორის

14-09-2024

„ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შიდა ქართლში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.


„მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მთელ საქართველოს შუა ქართლიდან, ადგილიდან, რომელსაც „საქართველოს გულს“ უწოდებენ. მოგესალმები გორს, ხაშურს, კასპს, მივესალმები შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ქართველ და ოს და-ძმებს!


მწამს და მჯერა, ოკუპაცია დროებითია, ხოლო ჩვენი ერთობა არის გარდაუვალი და მარადიული. მეგობრებო, ალბათ ზედმეტია იმის ახსნა, რა მოუშუშებელ ჭრილობად ექცა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი. კითხვა- რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება, რატომ მოაწერა ხელი რეზოლუციას, რომლის თანახმად ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა?- საჭიროებს პასუხის გაცემას.


მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ვერ დაიცვეს საქართველოს მოსახლეობა, ვერ აარიდეს ქვეყანას ომი და უბედურება, დღესაც ცდილობენ ისევ ომში ჩაგვითრიონ. უცხოური ძალების დაკვეთით, დღეს კიდევ უფრო გაშმაგებით ებრძვიან საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. თუმცა აქ მინდა ვუთხრა ყველას, სრულიად საქართველოს, რაც არ უნდა შემოტევები იყოს და რაც არ უნდა შეურაცხყოფები მოდიოდეს, რაც არ უნდა შანტაჟები და მუქარები იყოს, ქართველ კაცს ვერავინ დააჩოქებს და სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის დავიცავთ საქართველოს ინტერესს, ყოველთვის დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესს. დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანა უკან მიდის, გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ითვალისწინებს - გამჭვირვალობას, თითქოს რუსულია. ამ ყველაფერს გვეუბნება ხალხი, ვინც სააკაშვილის ბოროტებას და რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსემიებს. მე აღარ გავაგრძელებ იმაზე საუბარს, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში, როგორი ძარცვა, გაუბედურება, კვლა ახალგაზრდების, ბიზნესების წართმევა და ეს ყველაფერი ინიღბებოდა დემოკრატიის შუქურით. დღეს ყველაფერი ცხადია და ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე.


საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამართლებრივად შეფასდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, რადგან ვერასდროს, ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებს შესწიროს.


26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, ომსა და მშვიდობას შორის; ჩვენი ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და უსამშობლო ადამიანების მიერ თავსმოხვეულ პროპაგანდას შორის… სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დიახ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ამით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, შვილებისა და შვილიშვილების მომავალი.

გახსოვდეთ, რომ ზუსტად თქვენი ხმა არის ამ არჩევნებში გადამწყვეტი!


„ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა პარლამენტში, საჭიროა არა პარტიის ლიდერებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის. და ეს ასეც იქნება! ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მოვიგებთ და მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ ვართ ღირსეული ერი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით უზრუნველვყოფთ ქვეყნის ევროპულ მომავალს! 26 ოქტომბერი ჩვენი დღეა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს საქართველო!


გაიმარჯვებს მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა! გაგიმარჯოთ ჩემო ქართველებო! ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930