15-09-2024
„საქართველო, როგორც ბევრჯერ ისტორიაში, დღეს დგას გზაჯვარედინზე. რეალური არჩევანი არის ორი: ა) ოფიციალურად უარი ვთქვათ შიდა ქართლზე და აფხაზეთზე და დარჩენილი ტერიტორიებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ, იმ იმედით რომ იქ ოდესმე მიგვიღებენ; ბ) შევეცადოთ გავითვალისწინოთ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები. უარი ვთქვათ მკვეთრ პროდასავლურ კურსზე და ავირჩიოთ პოლიტიკური ბალანსის პოლიტიკა“, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი.
მისივე თქმით, ნატო და ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში არ არის დაინტერესებული, არამედ ამერიკა დაინტერესებულია იმაში რომ კავკასია იყოს ომის და შფოთის რეგიონი.
ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ორივე მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული და მიღებულია პოლიტიკური უაზრო გადაწყვეტილებები. მეტადრე ეს ქართულ ოსურ კონფლიქტს ეხება. მახსოვს 1989წლიდან მოყოლებული, ეროვნული მოძრაობის ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ოსების წინააღმდეგ დისკრიმინაციული შოვინისტური განცხადებების გაკეთებაში და ამ განცხადებებით თავს აწონებდნენ ქართველობას. შეხედეთ როგორი პატრიოტი ბიჭი ვარო. სიძულვილის ენა იყო პოპულარობის მოპოვების საშუალება. არც ოსებს, არც აფხაზებს, ეროვნული მოძრაობის ლიდერები არ მოიაზრებდნენ მომავალი დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეებად. ღიად აცხადებდნენ რომ კავკასიონის ქედის იქით უნდა განვდევნოთო.
ბუნებრივია რომ რუსეთმა კარგად გამოიყენა ეს მოცემულობა პოლიტიკური მიზნებისთვის. საქართველოს ტერიტორიაზე შექმნა ორი ანკლავი, საკუთარი დასაყრდენი კავკასიაში. ოცდაათი წელია ქართველი ობივატელი რომელიც ძნელად თუ აწევს საჯდომს და თეძოებს დივნიდან, ელოდება როდის მოვა ნატო, რომ ნატოს საშუალებით შური იძიოს ოსებზე და აფხაზებზე. ამასთანავე რაც უფრო დიდხანს უწევს ლოდინი ქართველ ობივატელს, მით უფრო რესენტიმენტი, სიძულვილი და არაადეკვატურობაა.
არანაირი ნატო და ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში არ არის დაინტერესებული. ამერიკა დაინტერესებულია იმაში რომ კავკასია იყოს ომის და შფოთის რეგიონი. ამერიკა სიამოვნებით მოგცემს იარაღს იმისთვის რომ ეომო რუსებს, დაღვარო ამერიკელებისთვის მუქთა ქართველი ჯარისკაცების სისხლი. მაგრამ ეს საქართველოს გამთლიანებას კი არა შემდგომ დანაწევრებას გამოიწვევს.
საქართველო როგორც ბევრჯერ ისტორიაში დღეს დგას გზაჯვარედინზე. რეალური არჩევანი არის ორი:
ა) ოფიციალურად უარი ვთქვათ შიდა ქართლზე და აფხაზეთზე და დარჩენილი ტერიტორიებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ, იმ იმედით რომ იქ ოდესმე მიგვიღებენ.
ბ) შევეცადოთ გავითვალისწინოთ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები. უარი ვთქვათ მკვეთრ პროდასავლურ კურსზე და ავირჩიოთ პოლიტიკური ბალანსის პოლიტიკა. რაც გულისხმობს, რეგიონში დიდი მოთამაშეების ამერიკის, ჩინეთის, რუსეთის, თურქეთის, ირანის ინტერესების ისე დაბალანსებას რომ არცერთი პოლიტიკური ძალა არ მიგვიჩნევდეს ჩვენ პირდაპირ მტრად. სანაცვლოდ კი ვივაჭროთ ტერიტორიების დაბრუნებით.
ორივე ვარიანტი შეიცავს რისკებს: პირველ შემთხვევაში აფხაზეთზე და შიდა ქართლზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას რომ სხვა ტერიტორიებსაც არ დავკარგავთ. მეორე შემთხვევაში ტერიტორიების დაბრუნება და ერთიანი ნეიტრალური კონფედერაციის შექმნა არ იქნება იოლი.
ჩვენი ოპოზიცია და ლიბერალები რასაც გვთავაზობენ: ტერიტორიებზე უარს არ ვამბობთ და ვიწყებთ ომს, ეგ ამერიკისთვის იდეალური ვარიანტია, მაგრამ ჩვენთვის დამღუპველი და ამიტომ არ განიხილება", - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.