17-09-2024
პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში, ეს არის ფაქტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს სერიოზული ტერიტორიული და ეკონომიკური წინსვლა ჰქონდა სწორედ მიხელ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" პირობებში.
„მე გეტყვით, ვინ იყო და ვინ არ არის მისაღები ხელისუფლება - ფაქტებით ვიმსჯელოთ, მხოლოდ ფაქტებით, ნული ლოგიკა. რაც შეეხება რუსეთის პროგრესს 2004 -2012 წლებში - ტერიტორიული წინსვლა ჰქონდა სერიოზული სწორედ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის" პირობებში, პირდაპირი უხეში ტერიტორიული წინსვლა - ეს ერთი, ეკონომიკური წინსვლა ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები პირდაპირ მიყიდეს რუსეთის ფედერაციას და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სიტყვები იყო, ფულს სუნი არ აქვსო. რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაზე თქვა ეს ყველაფერი, ეს იყო მაშინდელი პოლიტიკა. თქვენმა ხელისუფლებამ გაუხსნა უვიზო რეჟიმი სხვათა შორის რუსეთის მოქალაქეებს და არავითარი აჟიოტაჟი არ ჰქონიათ ამასთან დაკავშირებით. პროგრესი ტერიტორიული კუთხით, პროგრესი ეკონომიკური კუთხით. რაც შეეხება 2012 წლის შემდეგ პერიოდს, პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში, ეს არის ფაქტები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.