20-09-2024
„სანქციების გამოყენებით ამერიკა საბოლოოდ გაინადგურებს იმიჯს საქართველოში. ამას ექნება უმძიმესი შედეგი მათთვის და არა ხელისუფლებისთვის. საფრთხე შეექმნება ამერიკის გლობალურ ინტერესებს ჩვენს რეგიონში, რადგან საქართველო არის დომინანტი ქვეყანა კავკასიაში," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ ზეწოლას.
თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში დონორების მიერ გამოყოფილი თანხები უშედეგოდ იხარჯება და ეს უარყოფით შედეგს თავად ამერიკას მოუტანს, ვინაიდან მის ინტერესებს ჩვენს რეგიონში საფრთხე შეექმნება.
„ქართულ ოპოზიციას რომ ეშლებოდეს, გასაკვირი არაა, მაგრამ ამერიკის ხელისუფლებას, როგორი სუსტიც არ უნდა იყოს, ასეთი შეცდომები არ ეპატიება. გვესმის, რომ მათ მიერ გაღებული ფინანსები უშედეგოდ იხარჯება საქართველოში და უკვე მერამდენედ, ამ 12 წლის განმავლობაში, შედეგს ვერ აღწევენ, მაგრამ ოპოზიციაზე გაბრაზებულებმა ჰარაკირი არ უნდა გაიკეთონ.
სანქციების გამოყენებით ამერიკა საბოლოოდ გაინადგურებს იმიჯს საქართველოში. ამას ექნება უმძიმესი შედეგი მათთვის და არა ხელისუფლებისთვის. საფრთხე შეექმნება ამერიკის გლობალურ ინტერესებს ჩვენს რეგიონში, რადგან საქართველო არის დომინანტი ქვეყანა კავკასიაში. თუკი ქვეყნის ეკონომიკაში რაიმე რყევები იქნება ისევ დასავლეთის მეოხებით, ლიბერალიზმზე და ომის პოლიტიკაზე ისედაც გაბრაზებული ქართველი ხალხი კიდევ უფრო განრისხდება. მეტისმეტად აუტანელია უკვე გარე ჩარევები ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით. ამას ნამდვილად მოჰყვება დიდი სახალხო მღელვარება ოპოზიციის და მათი უცხოელი ლობისტების წინააღმდეგ.
თუკი ასეთი სტრატეგიული შეცდომებით გააგრძელეს, ოპოზიციის გამარჯვების ჟინით შეპყრობილი დასავლეთი, ოპოზიციის სრულ განადგურებას იხილავს 26 ოქტომბერს. მათ არაერთხელ ნახეს გაბრაზებული ქართველი ხალხი, თუმცა, ამ სიბრაზის კულმინაცია ჯერ არ უნახავთ. ჩვენ არ გვსურს რომ ეს ნახონ ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, რომ ქართველი ხალხის სიბრაზე მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენებზე დაფიქსირდეს”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.