27-09-2024
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე შვეიცარიული ფონდის „GebertRüfStiftung“ თავმჯდომარე როლანდ ზიგვარტს და ბორდის წევრებს შეხვდა. მხარეებმა აგრარული განათლების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების მოზიდვის და მათი გადამზადების საკითხებზე იმსჯელეს.
„სახელმწიფო ყოველთვის იქნება მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარი სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში ჩართვის. ამ მიმართულებით შვეიცარიული გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
შვეიცარიულმა ფონდმა „GebertRüfStiftung“ 2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას“ ააშენა, რომელიც სტუდენტებს მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში 3 წლიან პროფესიულ პროგრამას სთავაზობს. კომპლექსი ტრენინგ ცენტრსაც მოიცავს, სადაც ფერმერებსა და მოყვარულებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.
„ჩვენი მიზანი სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის ბიძგის მიცემაა. გვსურს, რომ თქვენს ქვეყანაშიც დავნერგოთ ინოვაციური პროექტები. მოხარულები ვართ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ასეთ ჩართულობას და დაინტერესებას ვხედავთ“, - აღნიშნა როლანდ ზიგვარტმა.
შვეიცარიული ფონდი „GebertRüfStiftung“ ორიენტირებულია საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ახალი ტექნოლოგიური გარღვევების და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.