გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულმა ბიურომ აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა

2-10-2024

აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ანტიკორუფციულმა ბიურომ, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობას და მსგავს ორგანიზაციებს შეუფარდა განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, სათანადო პირობების არსებობის მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნებოდა მიზანშეწონილი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება, რადგან ეს არაფერს იძლევა.


ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე მისი პოზიციის გაზიარებისთვის ანტიკორუფციულ ბიუროს მადლობა გადაუხადა.


„ყველასთვის ცხადი და ნათელია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მოქმედებენ დღეს გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით, მათ აქვთ გაცხადებული საარჩევნო დღის წესრიგი. ისინი პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში, რისი პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს. ამას ისინი არც მალავენ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ანტიკორუფციულმა ბიურომ, როდესაც ამ ორგანიზაციებს შეუფარდა განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა. რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომდინარე ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმებით, თავიდან ბოლომდე წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ წმინდა სამართლებრივ კრიტერიუმებთან ერთად, სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდანაც ამოვიდეთ, როდესაც ვმსჯელობთ შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ წარვადგინეთ შესაბამისი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს წინაშე. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის თუ მსგავსი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს უბრალოდ არაფერს არ იძლევა. ერთადერთი, რასაც ეს იძლევა არის ის, რომ შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ საბაბი სპეკულირებისათვის", - განაცხადა პრემიერმა.


მისივე შეფასებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ვერავის გააკვირვებს თავისი საარჩევნო დაკვირვებით.


„ვერც 2020 წელს გააკვირვა და მით უმეტეს ვერც 2024 წელს გააკვირვებს, ისეთი შელახული აქვს მას რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა, რომ არავისთვის მიგვეცა არავითარი საბაბი საუბრებისთვის, სპეკულაციებისთვის. კარგია, რომ გაიზიარა ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი შესაბამისი მოწოდება. ამ შემთხვევაში არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედება და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930