7-10-2024
მიმდინარე 6 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 169-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).
საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 52-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 120 ვიზიტი.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ-საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი,დეპარტამენტის წარმომადგენელი ვაჟა დალაქიშვილი, მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, გია ედილაშვილი და სოფელ ბრეთის გამგებელი როზა ედილაშვილი.
მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 169 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 14 221 ბენეფიციარს.
"სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ" -აცხადებენ უწყებაში.