გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, 20 000-ს გადასცდეს სტუდენტების რაოდენობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში - გვაქვს უკვე დაპირება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ სერიოზული ინვესტიცია იქნება ჩადებული ამ პროექტის განხორციელებისთვის

8-10-2024

„ჩვენი ამოცანაა, რომ 20 000-ს გადასცდეს სტუდენტების რაოდენობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. გვაქვს უკვე დაპირება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ სერიოზული ინვესტიცია იქნება ჩადებული ამ პროექტის განხორციელებისათვის,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.


მისივე თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტის გაფართოების პარალელურად რუსთავის მიმდებარედ იგეგმება სრულიად ახალი კამპუსის განვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის.


„გვინდა წარმოგიდგინოთ ძალიან ამბიციური პროექტი, რომელიც უკავშირდება თბილისის და ქუთაისის კამპუსებს. დღეს უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა არ არის სათანადოდ განვითარებული. იმისათვის, რომ ქართველ სტუდენტებს საქართველოში ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება, დაგეგმილია, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. დღეისათვის არსებული პროექტების ფარგლებში 5000-მდეა დაგეგმილი სტუდენტების რაოდენობის ზრდა, ინფრასტრუქტურის შესაბამისად. ჩვენი ამოცანაა, რომ 20 000-ს გადასცდეს სტუდენტების რაოდენობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა გახდეს თანაბარმნიშვნელოვანი კერა საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად ჩვენს ქვეყანაში.


ეს ქუთაისის განვითარებასაც დიდწილად წაადგება, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, ზოგადად, რეგიონების თანაბარ განვითარებას და შესაბამისად, ამ პროექტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გვაქვს უკვე დაპირება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ მისი მხრიდან სერიოზული ინვესტიცია იქნება ჩადებული ამ პროქტის განხორციელებისათვის. ქუთაისის უნივერსიტეტის გაფართოების პარალელურად ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ რუსთავის მიმდებარედ, თბილისსა და რუსთავს შორის, განვავითაროთ სრულიად ახალი კამპუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი მთლიანად თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მათ შორის, სასწავლო ინფრასტრუქტურით, საერთო საცხოვრებლებით, სპორტული ინფრასტრუქტურით. ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ თვითრეალიზების საშუალება. პრინციპულად მნიშვნელოვანია სწავლების შინაარსის გაუმჯობესება. დღეს გვაქვს უამრავი პრობლემა ჩვენს უნივერსიტეტებში.


არ არის დამაკმაყოფილებელი სწავლების ხარისხი, სახელმძღვანელოების ხარისხი, ადამიანური რესურსების კუთხით გვჭირდება სერიოზული განვითარება. ბუნებრივია, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საუნივერსიტეტო რეფორმა განხორციელდეს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ საქართველოში სტუდენტმა მიიღოს იგივე სახის განათლება, რა განათლებასაც იღებენ ისინი ევროპის უნივერსიტეტებში. მთავარია სისტემური მიდგომა, საფუძვლიანი რეფორმის განხორციელება და ეს არის სწორედ ჩვენი ამბიციური მიზანი შემდეგი ოთხი წლის ჭრილში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930