გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ენერგეტიკული პოლიტიკა ის მიმართულებაა, რაც საფუძვლად უდევს როგორც ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებას

9-10-2024

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა ეკონომიკურ ფორუმზე „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგოუსაფრთხოება და განახლებადი ენერგია".


პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის. მისი შეფასებით, ენერგეტიკული პოლიტიკა ის მიმართულებაა, რაც საფუძვლად უდევს როგორც ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებას. ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ენერგობალანსში ადგილობრივი ელექტროენერგიის წილის მატებასა და ექსპორტის ზრდაზე.


„საარჩევნო პროგრამით საზოგადოებას კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები გავაცანით. კერძოდ, საუბარია ენერგოგენერაციის გაორმაგებაზე 2030 წლისთვის, რაც მოითხოვს რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში. საქართველოს აქვს განახლებადი ენერგორესურსებიდან ელექტროენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობები, საუბარია როგორც ტრადიციულ ჰიდრორესურსებზე, ისე ქარისა და მზის წყაროებზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ენერგეტიკული რესურსები სრულად ავითვისოთ - ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის 10 გეგა ვატამდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ლევან დავითაშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა დარგში კერძო ინვესტიციების მოზიდვას. მისი თქმით, კვლავ აქტუალურია ენერგეტიკაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა და მეტი ინვესტორის დაინტერესება. „ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა კერძო ინვესტიციების წახალისებას გულისხმობს, თუმცა გვესმის, რომ ენერგეტიკის სექტორი სპეციფიურია, განსაკუთრებულია და კერძო სექტორთან ერთად დიდია სახელმწიფოს როლი. ეკონომიკის ბევრი სხვა სექტორისგან განსხვავებით, ენერგეტიკაში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი უმნიშვნელოვანესია," - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურასა და მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან კოორდინირებულ მუშაობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა გლობალურ ენერგეტიკულ პროექტს, რომლითაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს ენერგოსისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება.


ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღეს „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა" და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა, სემეკის თავჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელმა და გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. ფორუმს ასევე დაესწრნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930